არასამთავრობო ორგანიზაციები ღარიბაშვილის და გომელაურის გადადგომას მოითხოვენ

© photo: Sputnik5 ივლისის აქცია რუსთაველის გამზირზე
5 ივლისის აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
5 ივლისის ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაკავებული თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების გაშუქებისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად  სასტიკად გაუსწორდნენ.
„ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოძიება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე: შსს-მ ვიდეოკადრები გაავრცელა
არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში.
„5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, ხოლო „ტვ პირველის“ ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუტისა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც „ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე“.
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
„ველოდებით ოპერატორის გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას“ - კარლ ჰარცელი
განცხადებას ხელ აწერენ: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC); „საფარი“; „საზოგადოება და ბანკები“; „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF); „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC); „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA); „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ (TI Georgia); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“; „გაეროს ასოციაცია“; „მწვანე ალტერნატივა“; „თბილისი პრაიდი“ ; DRI.
„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, სადაც მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ კი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
თბილისში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჩატარდება
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
შსს-მ დაღუპულის ოჯახს სასამართლო ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა შესთავაზა. უკვე ცნობილია, რომ ექსპერტიზაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდე გეჯაძე. ოჯახის ინტერესებს ასევე იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 5 ივლისის მოვლენების საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0