ძალადობა ჟურნალისტებზე – პროკურატურამ ბრალდება კიდევ ხუთ პირს წარუდგინა

© Sputnik / STRINGERაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის საქმეზე ამჟამად ბრალი რვა პირს აქვს წარდგენილი. ძალადობაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირება გრძელდება.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ 5–6 ივლისს გამართულ აქციებზე ჟურნალისტური საქმიანობის გამო მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ ხუთ პირს წარედგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე ეს პირები სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. 
დუმილის აქცია. 6 ივლისი 2021 - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
როგორ ვითარდებოდა მოვლენები 5-6 ივლისს თბილისში - შსს-ს ვერსია
ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“, TV Pirveli-ს და PalitraNews-ის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, აგრეთვე ოპერატორები აიძულეს იმ აგრესიული ქმედებების გადაღება შეეწყვიტათ, რომელთაც ადგილი ჰქონდა აქციებზე.
პროკურატურამ დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთ პირს ბრალდება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 და 6 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით სულ რვა პირს აქვს წარდგენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი. ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და ორგანიზატორების დადგენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულების კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს დედაქალაქში ლგბტ–თემის წინააღმდეგ რადიკალური ძალების კონტრაქცია ორი დღე გრძელდებოდა, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. „ტრადიციული ფასეულობების დამცველები“ სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარ ფაქტებს აშუქებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0