საპატრიარქო რუსთაველზე შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება გარკვეულ მომენტში უკონტროლო გახდა.  ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა, დაამატეს რკინის ჯებირებსაც. ქაშუეთის ტაძართან შეკრებილი კონტრაქციის წევრები ისროდნენ ქვებს, რკინის ბურთულებს, არმატურებს.
„ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიკროავტობუსები, რომლებითაც აქციის მონაწილეები უნდა გაიყვანონ - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან კანონი
საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.
„ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!“ – აცხადებენ საპატრიარქოში.
ცოტა ხნის წინ რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეი და არიან დაშავებული ადამიანები. ლგბტ-ს მხარდამჭერები მოუწოდებენ პოლიციას, გამოიყენონ სპეციალური საშუალებები აგრესიულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
5 ივლისს 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, დღეს საღამოს აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.
 
 
დაკავებები ამ წუთებშიც გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0