საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია განიხილეს

© photo: Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs / FBშეხვედრა საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე
შეხვედრა საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის რამდენიმე ბავშვთა სახლი აშენდება, რაშიც საპატრიარქოს დახმარებას გაუწევენ ევროკავშირი, „იუნისეფი“ და World Vision International.

თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შემდგომ ბედთან დაკავშირებით საპატრიარქოში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია World Vision International-ის წარმომადგენლებმა.

მეუფე იაკობი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება

როგორც შეხვედრის შემდეგ კარლ ჰარცელმა აღნიშნა, საჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა პანსიონში და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

„ახლახან დავესწარი შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოს, სამინისტროს და ჯანდაცვის მუშაკების მონაწილეობით გამართული ჩვენი წინა შეხვედრის გაგრძელებაა, რომელსაც ასევე ესწრებოდა „იუნისეფი“ და „ვორლდ ვიჟენი“. პირველ ყოვლისა, განვიხილეთ ვითარება ნინოწმინდაში. ვფიქრობ, ყველამ ვნახეთ ბოლო დღეებში მიღწეული პროგრესი, ვგულისხმობ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების უმეტესობის დეინსტიტუციონალიზაციას და იქ დარჩენილი არასრულწლოვნების მონიტორინგს, რომელიც გრძელდება. ახლა ვხედავთ ღიაობასა და გამჭვირვალობას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილებოდა მომდევნო ნაბიჯები, რათა ამ ბავშვების კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდაში იგეგმება მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა სახლები საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის პანსიონის დაუყოვნებლივ დახურვაზე. პირიქით, ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ყველა მონაწილეს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების გადაყვანა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში და დიდი საბავშვო სახლების პრობლემების შესწავლა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს შეხვდა

„დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა დავსახოთ სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია, განხორციელდეს უკვე იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოშია. ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ზომის ბავშვთა სახლებში გადაყვანა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ის წვლილი, რომელიც პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა პრობლემური საკითხების გადაჭრაში შეიტანა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ლომჯარიას განცხადებით, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. ნინოწმინდის პანსიონს ახალი ხელმძღვანელი - ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ჰყავს, ხოლო მისი წინამორბედი მეუფე სპირიდონი პანსიონში ომბუდსმენის და სხვა ოფიციალური პირების შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

28 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეუფე იაკობის ნებართვით ეწვია პანსიონს და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად პანსიონიდან გაყვანილია 38 ბავშვი, ხოლო დარჩენილი 15 ბავშვის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში სოცმუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.

ყველა ახალი ამბავი
0