საკადრო წმენდა ნინოწმინდის პანსიონში – მეუფე იაკობის გეგმები

© photo: Sputnikბოდბის მონასტერი
ბოდბის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი შეეცდება სიტუაციის გამოსწორებას პანსიონში, რომელზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, 19 აღმზრდელი დარჩება, განაცხადა დაწესებულების ახალმა ხელმძღვანელმა – ბოდბის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან.

საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

კვირის დასაწყისში მეუფე იაკობმა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეუფე სპირიდონი შეცვალა. მისი ინფორმაციით, ბოლო დრომდე პანსიონში 40-ზე მეტი აღმზრდელი მუშაობდა, მაგრამ საკადრო ცვლილებების შემდეგ მათი რაოდენობა ორჯერ შემცირდება.

„ამ ეტაპზე დაწესებულებაში 19 აღმზრდელი დარჩება და შემდეგ სიტუაციას შევხედავთ. ბავშვებიდან ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს, ჩვენ არავის ვაკავებთ. და ვინც დარჩება, მათ არაფერი არ მოაკლდებათ. ჩვენ ბავშვების ინტერესები უნდა დავიცვათ", – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

ამასთან მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ მზადაა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას თბილისში შეხვდეს.

„პირადად მე არასდროს მითქვამს, რომ არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს. ვამბობ, რომ აუცილებლად შევხვდები მას თბილისში. ამასთან დაკავშირებით მე პრობლემა არ მაქვს, შემიძლია შევხვდე თუნდაც ხვალ", – აღნიშნა მეუფემ.

გუშინ ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რათა ომბუდსმენის აპარატს ნინოწმინდის პანსიონში თავისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. მან იმედი გამოთქვა, რომ პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ამ მხრივ პრობლემები აღარ შეექმნება.

„ახლა ჩვენ არ გვაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, ვინ შევა და ვინ არა. ბავშვებმა უზარმაზარი ტრავმა მიიღეს. იმდენი ბავშვი იყო ერთად და უეცრად ბევრი წავიდა, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამის შემდეგ მოვიდეთ და დავსვათ კითხვები… აი ეს არის პრობლემა", – აღნიშნა იაკობმა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.

ყველა ახალი ამბავი
0