საპატრიარქო: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა არ იგეგმება

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
ამ დროისათვის პანსიონიდან ბავშვების ნაწილი გაყვანილია, დაწესებულებაში დარჩენილ არასრულწლოვანთა მდგომარეობაზე კი სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებთან. 

ნინოწმინდის პანსიონი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ნინოწმინდის პანსიონში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ

მისი თქმით, პროცესი კონტროლს ექვემდებარება და საქმის ძირითადმა ნაწილმა ახლა თბილისში გადმოინაცვლა. შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

„სიტუაცია ნინოწმინდაში სრულ კონტროლზეა აყვანილი. მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, რათა ყოველი ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობის შესწავლა მოხდეს – რა არის მისთვის უკეთესი – ოჯახური გარემო, პანსიონში დარჩენა დროებით, თუ სხვა ფორმები... პანსიონის დახურვა, როგორ ასეთი, არ იგეგმება. თუ რაიმე გადაცდომას წარსულში ჰქონდა ადგილი, ჩვენ მას შევისწავლით, შევაფასებთ და ყველა გადაცდომასთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", – განაცხადა ქარჩავამ.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც გასულ კვირაში ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.

ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ პანსიონიდან 22 არასრულწლოვანი, მათ შორის შშმ პირები გაიყვანა. მედიის ცნობით, ამ დროისთვის დაწესებულებაში 30-მდე ბავშვი რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0