მშობლების საყურადღებოდ: ხვალ თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

© Pixabay / Katrina_Sსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
გამოწერა
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ხვალიდან თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისის 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნა

პრიორიტეტული კატეგორიების ჩამონათვალში არიან: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100.000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეების შვილები და გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) სტატუსის მქონე ბენეფიციარები არ გაივლიან რეგისტრაციას ვებ-გვერდზე. ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: 2021registracia@gmail.com

რეგისტრაციის გადამოწმება ბავშვის პირადი ნომრით იმავე გვერდზე იქნება შესაძლებელი, სადაც მონაცემების შევსება მოხდება.

იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ, 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება რეზერვში მოხვედრის თაობაზე.

თბილისში 185 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც გასულ წელს 60 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული. წელს თბილისში საბავშვო ბაღების ჩამონათვალს N101 საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0