მამაკაცი ქუჩაში

დაიწყო ხანდაზმულთა ბინაზე ვაქცინაციის პროგრამა

49
(განახლებულია 19:43 08.06.2021)
თამარ გაბუნიას განცხადებით, ის ხანდაზმულები, ვისაც ბინაზე ვაქცინაცია სურს, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და, ვფიქრობ, პროცესი მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან მიმართებით უფრო მეტი აქტივობა ფიქსირდება შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში, ვიდრე ხანდაზმულებში.

„ხანდაზმულთა სახლებსა და თავშესაფრებში ვაქცინაცია აქტიურია და ეს დაწესებულებები თითქმის სრულადაა მოცული. ხოლო ის ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაცია, სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ“, - აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ასევე აქტიურად გრძელდება ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლების ვაქცინაცია.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 178.738 ადამიანია აცრილი.

49
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (810)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საქართველოს ვაქცინების ფართო ასორტიმენტი ექნება

7
(განახლებულია 12:45 17.06.2021)
ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,2 მლნ დოზა ვაქცინაზე.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ფართო არჩევანი და საკმარისი მარაგი იქნება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით რამდენიმე მწარმოებელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის კონკრეტული ვადა არ სახელდება, თუმცა მინისტრი პირობას დებს, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის საშუალება ექნებათ.

„უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ. საუბარია, როგორც Moderna-ზე, ისე Jonson&Jonson-სა და Novovax-ზე. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რათა მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ისე დღეისთვის მთავარი პრობლემის - ვაქცინაციის გზით პანდემიის დამარცხებაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც კვირის დასაწყისში ჯანდაცვის უწყებაში განმარტეს, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე  ქვეყანა სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა და დასძინა, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც დიდი მობილობა შეინიშნება ბრიგადები დაემატა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში 184 ბრიგადა მუშაობს. თბილისში დამატებით 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში,

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 221.156 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 74.495 ადამიანი.

7
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (810)
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

13
(განახლებულია 11:59 17.06.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 741 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 414 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 40, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 39, აჭარა - 38, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 342.720-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.114-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.060 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.926 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.618, აჭარაში – 234, იმერეთში – 388.

647 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 181 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 9, იმერეთში – 14. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 602 ადამიანი, მათ შორის 348 – თბილისში, 221 – აჭარაში. 5.532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 42 ადამიანი, ყველა მათგანი – თბილისში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11.150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.122, აჭარაში – 1.469, იმერეთში – 1.097.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 741-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 356.920-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

13
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (810)