კორპუსების მშენებლობა

დევნილი ვეტერანები ქუთაისსა და ზუგდიდში ბინებს მიიღებენ

40
(განახლებულია 00:03 08.06.2021)
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს მინიჭებული 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. 

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებს, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე.

აღნიშნული ოჯახების სიები უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

უწყების განცხადებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა.

„დევნილი ვეტერანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით სპეციალურ პროექტს ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, ბინას დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადავცემთ. 100-მდე ოჯახი კი „ადმინისტრაციულ დაპირებას“ მიიღებს, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს უპირობოდ განსახლდებიან“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია.

იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში 8 ივნისს დაიწყება და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორ ნაწილდება ბინები

ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტო მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისია თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობს.

ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა როდია.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს მინიჭებული 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.  თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

40
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

18
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

18
საპატრიარქო

მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

12
პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ, 17 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

კვირის დასაწყისში მეუფე იაკობმა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეუფე სპირიდონი შეცვალა. გუშინ ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რათა ომბუდსმენის აპარატს ნინოწმინდის პანსიონში თავისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. მან იმედი გამოთქვა, რომ პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ამ მხრივ პრობლემები აღარ შეექმნება.

შეხვედრის დროს საპატრიარქო არ აზუსტებს, თუმცა „პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

12
ვლადიმირ პუტინი

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო, შეხვედრამ პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა. ბევრ პოზიციაზე ჩვენი შეფასებები ერთმანეთს ემიჯნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ გამოამჟღავნა სურვილი, გაუგოს ერთმანეთს და მოძებნოს გზები პოზიციების დასაახლოებლად. საუბარი მეტად კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ის თემებიც დაასახელა, რომლებიც სამიტზე იხილებოდა.

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0