პროკურატურა

რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

88
(განახლებულია 23:23 09.06.2021)
აქციის მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებას მოითხოვდნენ. აქციაზე დაკავებული ორი პირი ამტკიცებს, რომ დაკავებისას ხელების მოტეხილებები მიიღო.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. გენერალური პროკურატურის წინ საპროტესტო აქციაზე შენობის დაცვასთან შეტაკებების შემდეგ პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა.

მათგან ხუთი პირი ხელწერილით გაათავისუფლეს, აცნობეს Sputnik-საქართველოს შსს-ს პრესსამსახურში.

აქციის ორგანიზატორია ოპოზიციური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. მას მხარი დაუჭირა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ სამოქალაქო აქტივისტებმა.

პოლიციასთან შეტაკებები მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში შეღწევა სცადეს.

ორი სამოქალაქო აქტივისტი ამტკიცებს, რომ პოლიციის ქმედებების შედეგად ხელების მოტეხილობები აქვთ - სამინისტროში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აქციის მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებას მოითხოვენ. დაწესებულების ირგვლივ ბოლო დროს სერიოზული სკანდალი აგორდა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები - მაგალითად, რომ აღსაზრდელებს დასჯის მიზნით მუხლებზე აყენებენ და საჭმელს არ აჭმევენ.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

სიტუაციას აკონტროლებს სახალხო დამცველი, მაგრამ ნინო ლომჯარიამ და მისი აპარატის თანამშრომლებმა პანსიონის ადმინისტრაციისგან მონიტორინგის ჩასატარებლად ნებართვა ვერ მიიღეს.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში ამ დაწესებულებასთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია მინიმუმ ოთხი გამოძიების შესახებ. ლომჯარიას მონაცემებით, ერთი საქმე არასრულწლოვანის შესაძლო გაუპატიურების ფაქტს უკავშირდება, დანარჩენი სამი - ბავშვების მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევებს.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, პანსიონში 60-დან 150-მდე ბავშვი იმყოფება. ზოგიერთი მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ ბავშვების უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის ადგილზე გადამოწმება სცადეს, მაგრამ ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

ბოლო დღეებში საქართველოში გაიმართა რამდენიმე აქცია, სადაც შსს-სა და პროკურატურას მოუწოდეს, ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაციის კვალიფიციური გამოძიება განახორციელონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება ოთხი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადგინდება.

მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, რათა სრულყოფილად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი.

88
თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი

„უნდა გავყვე დათოს ცოლად...“ - რა მოხდა პოლიტიკოს ცოლ-ქმარს შორის?

15
(განახლებულია 12:45 17.06.2021)
თინა ხიდაშელი კორონავირუსით გამოწვეულ ავადმყოფობას დღემდე ვერ გამოუძვრა. პოლიტიკოსს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, ის დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ვერ გადაადგილდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის გადატანის შემდგომ გართულებებს ებრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს და მის მეუღლეს, ცნობილ პოლიტიკოსს დავით უსუფაშვილს საჯაროდ უხდის მადლობას მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.

„ჩემმა ქმარმა გადამარჩინა. წელს ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს და თავიდან უნდა გავყვე ცოლად. ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა, მარტივად მიმენებებინა თავი ბრძოლისთვის. საავადმყოფოში ისევ ის დათო ვიპოვე, 1993-95 წლებში რომ შემიყვარდა და რატომაც გავყევი ცოლად. ოქტომბერში თავიდან გავყვები ცოლად და ისევ თავიდან დავიწყებ. დედაჩემს ჩემი ცრემლები არ უნახავს, არავის ვუნახივარ ცუდად მყოფი, როგორ ცუდადაც უნდა ვყოფილიყავი, არასდროს არავის ვაძლევ უფლებას, რომ შევეცოდო. თურმე მან ეს ყველაფერი კარგად იცის, ბოლომდე იცის და არ მომცა უფლება, ვინმესთან დისკომფორტი შემქმნოდა. მასთან მოხდა ეს ყველაფერი და შესაბამისად, საავადმყოფოში, ექიმთან, ექთანთან ურთიერთობა მარტივი გახდა. დათო რომ არა, მე ვერ გამოვიდოდი იქიდან ცოცხალი…“ - წერს ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხი­და­შე­ლმა, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა „პოსტ ფაქ­ტუმ­ში” იმ ურ­თუ­ლეს გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ისაუბრა, რო­მლე­ბიც ვირუს­მა და­უ­ტო­ვა. პოლიტიკოსი ჰყვება, რომ მისი ოჯახის წევრები ვირუსს ადვილად გადაურჩნენ, მას კი უკვე მეოთხე დღიდან ადგომაც კი გაუჭირდა, შემდეგ იყო კლინიკაში მაღალი ტემპერატურით.

მისი თქმით, თმამაც კი შეწყვიტა ზრდა – ოთხი თვის წინ შეღებილი თმა არც ერთი მილიმეტრით არ გაზრდია. ყველაზე მეტად კი სახსრები აწუხებს.

თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პოლიტიკოსი წერს, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს.

15
თემები:
ქართველი სელებრითები
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საქართველოს ვაქცინების ფართო ასორტიმენტი ექნება

12
(განახლებულია 12:45 17.06.2021)
ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,2 მლნ დოზა ვაქცინაზე.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ფართო არჩევანი და საკმარისი მარაგი იქნება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით რამდენიმე მწარმოებელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის კონკრეტული ვადა არ სახელდება, თუმცა მინისტრი პირობას დებს, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის საშუალება ექნებათ.

„უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ. საუბარია, როგორც Moderna-ზე, ისე Jonson&Jonson-სა და Novovax-ზე. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რათა მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ისე დღეისთვის მთავარი პრობლემის - ვაქცინაციის გზით პანდემიის დამარცხებაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც კვირის დასაწყისში ჯანდაცვის უწყებაში განმარტეს, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე  ქვეყანა სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა და დასძინა, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც დიდი მობილობა შეინიშნება ბრიგადები დაემატა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში 184 ბრიგადა მუშაობს. თბილისში დამატებით 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში,

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 221.156 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 74.495 ადამიანი.

12
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები