ლოლა წერეთელი

„დედა გამაცნო, მარგო ჰქვია...“ ლოლა წერეთელი ბიზნესმენზეა შეყვარებული

1419
(განახლებულია 23:24 03.06.2021)
ცნობილი სარესტორნო მომღერალი მეუღლესთან სკანდალური განქორწინების შემდეგ ახალ ცხოვრებას იწყებს. ლოლა წერეთელი შეყვარებულია.

მომღერალი ლოლა წერეთელი საქართველოშია და მერიკო კარტოზიას გადაცემის ანონსში ახალი სიყვარულის შესახებ საუბრობს. მომღერლის თქმით, მისი რჩეული ბიზნესმენია და მან უკვე გააცნო დედა, რომელსაც მარგო ჰქვია.

სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი უკვე რამდენიმე თვეა მოსკოვშია, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მღერის. ჟურნალ „თბილისელებთან“ მომღერალმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, შეთავაზება, რომ მოსკოვში დასაქმებულიყო, 2000 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, თუმცა უჭირდა საქართველოს დატოვება.

მომღერალი არ მალავს, რომ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების გამო მიიღო. „ძალიან მძიმედ ვიყავი, თუმცა ესეც გავიარე. მერე გადავწყვიტე, რომ ჯობდა რაღაც დროით საქართველოდან წავსულიყავი, რომ ყველაფერი დამევიწყებინა და ძველებურად ხალისიანი გავმხდარიყავი… აქაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ. არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა, თუმცა მე ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე. მოსკოვში დროებით ჩამოვედი“, – ამბობს ლოლა.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი ორი წლის წინ დაინგრა. ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.

1419
თემები:
ქართველი სელებრითები (475)
მომავლის გზა - მამა და შვილი

საქართველოში მამის დღე აღინიშნება

29
(განახლებულია 14:41 19.06.2021)
მამის დღე ახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად დიდია შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა და აქტივობა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში 20 ივნისს მამის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მამის დღე საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში წელს მეექვსედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდსა და ოზურგეთში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

კერძოდ, 19 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზუგდიდის სპორტულ დარბაზში მამებისა და შვილებისთვის გაიმართება ტექნოლოგიური ვორქშოპი.

ვორქშოპის მიმდინარეობისას მამები და შვილები ერთად იმუშავებენ ტექნოლოგიურ პროექტებზე, რაც, ერთი მხრივ, დააახლოებს მათ და, მეორე მხრივ, ბავშვების ტექნოლოგიებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

ასევე, 19 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება წიგნის „მამები და შვილები“ პრეზენტაცია, რომელიც 2020 წელს გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოიცა.

წიგნში თავმოყრილია 13 წლის მუხრან მაჭავარიანის წერილი მამისადმი, ოთარ და თაკო ჭილაძეები, გელა ჩარკვიანი და მისი შვილები – ირაკლი და თეონა, ფრიდონ და ზაზა ხალვაშები, ვახტანგ და ირინა ჯავახაძეები, ბაჩანა ბრეგვაძე და მისი ქალიშვილები ქეთევანი და ანა. ასევე ამ წიგნში შეგხვდებათ, თუ რას წერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის შესახებ მიხეილ და ქეთევან ჯავახიშვილები, პაოლო და მედეა იაშვილები, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები.

ღონისძიებას ზვიად კვარაცხელია და დავით გორგილაძე გაუძღვებიან.

ხვალ, 20 ივნისს, ოზურგეთში, კაფეში „8+1“, საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის ავტორი დავით გორგილაძეა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგადასავლებზე მოგვითხრობს, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

ღონისძიებას წიგნის ავტორები, მწერალი დათო გორგილაძე და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი გაუძღვებიან.

მამის დღე არის დღესასწაული, რომელიც ბევრ ქვეყანაში მამობის აღსანიშნავად და მამების პატივსაცემად ყოველწლიურად აღინიშნება. ის, როგორც წესი, ივნისის მესამე კვირა დღეს იმართება. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით საქართველოში 2016 წელს დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

29
„რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქცია

ეკონომიკის სამინისტრო: სოფელ ნამოხვანში პროტესტი ვერ გაგრძელდება

34
(განახლებულია 13:10 19.06.2021)
ონლაინ-შეხვედრაზე განიხილებოდა სამი ძირითადი საკითხი - შემდგომი დეესკალაცია, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაკავებულების საკითხი

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის" მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის მეორე შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა.

გასულ შაბათ-კვირას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ლიდერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებთან მოლაპარაკებები გამართეს ევროპელი მედიატორის – ევროკავშირის სამდივნოს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილის და მოლაპარაკებებისა და დავების მოგვარების ცენტრის თავმჯდომარის დირკ ბუშლეს მონაწილეობით. ცხრასაათიანი შეხვედრის შედეგად მხარეებმა შეძლეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათთან უსაფრთხოების მიზნით მოწყობილი რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო, მაგრამ ადგილზე პოლიციის ძალები კვლავ რჩებიან და აქციის მონაწილეებს ხეობაში შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც ონლაინფორმატში 18 ივნისს გაიმართა, რამდენიმე საათს გაგრძელდა. მისი მსვლელობისას ის საკითხები განიხილეს, რომელთა მოგვარებაზეც მხარეები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით ერთი კვირის წინ, მედიაციის პირველ შეკრებაზე შეთანხმდნენ.

დავით თვალაბეიშვილმა დაასახელა სამი ძირითადი მიმართულება, რომლის შესახებ შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება.

„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რკინის კედელი იქნა გუმათიდან დემონტირებული. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგების თქმით, სანამ ხეობაში გადაადგილებას და პროტესტის ძველ ლოკაციას - სოფელ ნამოხვანში დაბრუნებას ვერ შეძლებენ, მედიაციის პროცესზე ვერ გადავლენ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საუბარია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეორე მხარისთვის.

„სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მოგვაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. თუ არსებობს რამე კითხვები, შევთანხმდით, რომ ამ კითხვებს მივიღებთ წერილობითი ფორმით და შემდეგ გაეცემა პასუხები“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მესამე საკითხი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდა.

„აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. მედიაციის შეხვედრისას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საკითხი დაისვა. ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს“,  – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

იმერეთის რეგიონში „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

34
პოლიცია სიღნაღში

მედია: წნორში ერთ-ერთ ოჯახს ნათესავმა სახლი დაუწვა

0
(განახლებულია 16:00 19.06.2021)
არსებული ინფორმაციით, ხუთსულიანი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. ოჯახის წევრები ახლა ნათესავთან აფარებენ თავს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრებ სომხიშვილების ოჯახს ნათესავმა საცხოვრებელი სახლი დაუწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

ოჯახი ადგილობრივ პოლიციას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს.

არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დავა წლებია გრძელდება. დაპირისპირება სახლის გამო დაიწყო, რომელიც გულნაზ სომხიშვილს პაპამ აჩუქა.

დაზარალებული გულნაზი სომხიშვილი, გარდა ზიანისა, ბიძის მხრიდან მუქარაზე საუბრობს და მის დაკავებას ითხოვს. მისი თქმით, მამაკაცმა სახლის დაწვის ფაქტი აღიარა.

დაზარალებულების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სახლი დაწვა, მკვლელობაზეა ნასამართლევი და ახლაც პირობითი სასჯელის ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

0