იარაღის მაღაზია

საქართველოში შეიძლება გაზის იარაღის ტარების ნება დართონ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

101
(განახლებულია 09:45 02.06.2021)
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება გაზის (აირის) იარაღის ღიად ტარება, ასევე მისი საჯაროდ დემონსტრირება

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია შესწორებები კანონში „იარაღის შესახებ“. ეს შესწორებები მოქალაქეებს გაზის იარაღის ტარების უფლებას მისცემს.

კანონპროექტში მითითებულია, რომ რადგანაც გაზის იარაღი დაცვის საშუალებაა და თავდაცვის ფუნქციას ასრულებს, მისი რეგისტრაცია ტარების უფლებით ხორციელდება, მაგრამ გარკვეული უფლებებით. აქამდე გაზის იარაღის ტარების ნებართვა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლებს ჰქონდათ.

კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული იქნება იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე მისი ჩვენება საჯარო სივრცეში.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენება. მისი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის, როგორიცაა თეატრალური წარმოდგენა, კინო ან ტელეშოუ, ისტორიული რეკონსტრუქციები, აღლუმები და სპორტული ღონისძიებები.

ეს გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ იარაღის ამ სახეობას არა აქვს თავდაცვითი ფუნქცია, ამიტომ ფიზიკურ პირებს მისი ტარება ეკრძალებათ.

„სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს ხმოვანი იარაღის გამოყენებით განხორციელდა 18 ყაჩაღობა, ხოლო 2021 წელს (მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით) – 8 ყაჩაღობა. 2020 წელს ხმოვანი იარაღის გამოყენებით ჩადენილი იყო 24 სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტი, ხოლო 2021 წელს – 12 სხვა ძალადობრივი დანაშაული მთელი საქართველოს მასშტაბით. 2020-2021 წლებში 755 საქმეზე ამოღებული იყო გაზის (აირის), ხმოვანი და პნევმატური იარაღი“, – ნათქვამია კანონპროექტში.

კანონში „იარაღის შესახებ“ მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ რას წარმოადგენს გაზის იარაღი. კერძოდ: გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად

საქართველოში იარაღის შეძენის წესებს ასევე კანონი „იარაღის შესახებ“ არეგულირებს.

101
თემები:
საქართველოს პარლამენტი (313)
ნინოწმინდის პანსიონი

რატომ დაატოვინეს ნინოწმინდის პანსიონი ზოგიერთ აღმზრდელს

16
პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან, განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

დღეს პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 40 აღმზრდელიდან პანსიონში 19 დარჩება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მაღლაფერიძის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც ითვალისწინებდეს.

„როდესაც იდენტიფიცირდა გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს. როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი განრიდება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 29 ბავშვია გაყვანილი.

„22 ჩარიცხული ბენეფიციარი რჩება, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ამას წინ უძღვის შეფასება, საუკეთესო ადგილების შერჩევა, ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, უნდა შევარჩიოთ მათთვის სწორი ზრუნვის ფორმები, შევეცადოთ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ან მათ სიახლოვეს განთავსება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

 

16
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

26
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

26
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს 25 ივნისს ჩააბარებს

0
ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში 2015 წელს მისი გადადგომიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წლიურ ანგარიშს პარლამენტს მომდევნო კვირაში, 25 ივნისს წარუდგენს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენით პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს.

პრემიერ მინისტრის 154-გვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე და მისი დაახლოებით ნახევარი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას ეძღვნება. ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პარლამენტის 150 წევრიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" 84 ადგილი აქვს, დანარჩენი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თითქმის ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში მან კვლავ მოიპოვა პარლამენტის ნდობა და ამ პოსტზე გადამდგარი გიორგი გახარია შეცვალა.

ახლა გახარიას პარტიის წევრებს, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ ღარიბაშვილისგან მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

0