შშმ პირი

შინაურული გარემო ინტერნატის ნაცვლად: ბათუმში შშმ პირებისთვის საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა

47
(განახლებულია 19:59 01.06.2021)
პროექტს ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ახორციელებს, რომელიც არსებობის 10 წლის განმავლობაში ათობით შშმ პირს დამოუკიდებელ ცხოვრებაში ადაპტაციაში დაეხმარა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. ორგანიზაციამ „ხელი ხელს” შშმ პირებისთვის ბათუმში ახალი საოჯახო ტიპის სახლი გახსნა, ინფორმაცია ორგანიზაციის Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

საოჯახო ტიპის რიგით მე-7 სახლის გახსნის შედეგად, კიდევ 5 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ჩაკეტილი სივრცის ნაცვლად, საოჯახო გარემოში იცხოვრებს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდება. ბენეფიციარებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც მოზარდები, ასევე ხანდაზმულები.

„ჩვენს ბენეფიციარებს შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ სათანადო მხარდაჭერა და ახლა ჩვენი დახმარებით ეს ბენეფიციარები მაქსიმალურად კომფორტულ და ადაპტირებულ გარემოში იქნებიან. მათ ზუსტად ისე შეუძლიათ საზოგადოებაში, ბუნებრივ გარემოში ცხოვრება, როგორც ყველა სხვა ადამიანს. განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ საწყის ეტაპზე, დამოუკიდებელი ცხოვრების რეჟიმზე გადასვლაში მათ ასისტენტების მხარდაჭერა სჭირდებათ”, – განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა მაია შიშნიაშვილმა.

მისი თქმით, თითქმის 10-წლიანი არსებობის განმავლობაში ორგანიზაციამ ათობით ადამიანი დააბრუნა საზოგადოებაში. პროფესიონალი, კვალიფიციური და გამოცდილი ასისტენტების მხარდაჭერით, შშმ პირებმა იზოლირებული სისტემიდან გამოსვლის შემდეგ დაამტკიცეს, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრისი დიდი ზომის ინსტიტუციის ერთადერთი სწორი და ჰუმანური ალტერნატივაა.

ბენეფიციარებს შეძლებისდაგვარად ასწავლიან საოჯახო საქმეებს, სახლთან არის ბოსტანი, ჰყავთ შინაური ცხოველები.

უახლოეს მომავალში  ორგანიზატორები კიდევ ერთი საოჯახო ტიპის სახლის გახსნას სენაკში გეგმავენ

2011 წლიდან დღემდე დონორების, საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივი სამოქალაქო და საჯარო სექტორის თანადგომით, „ხელი ხელს” ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სოციალურ პროექტად იქცა.

47
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

13
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

13
საპატრიარქო

მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

11
პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ, 17 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

კვირის დასაწყისში მეუფე იაკობმა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეუფე სპირიდონი შეცვალა. გუშინ ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რათა ომბუდსმენის აპარატს ნინოწმინდის პანსიონში თავისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. მან იმედი გამოთქვა, რომ პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ამ მხრივ პრობლემები აღარ შეექმნება.

შეხვედრის დროს საპატრიარქო არ აზუსტებს, თუმცა „პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

11