https://www.facebook.com/GeorgianEmbassyTurkey/posts/1902391013241378

რა უნდა გაითვალისწინოთ საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთისას! - საელჩოს განმარტება

104
(განახლებულია 17:28 01.06.2021)
კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდან თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი იყო - ამ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 1 ივნისიდან თურქეთში მოხვედრას როგორც საჰაერო ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე შეძლებენ, ნათქვამია ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზღვრის კვეთის მსურველმა პირმა PCR-ტესტი უნდა გაიკეთოს გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათისა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა გასული წლის 20 მარტიდან შეჩერებულია. 2021 წლის წლის 1 თებერვლიდან საქართველომ რეგულარულ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა.

რაც შეეხება სახმელეთო საზღვრებს, რომელიც 2020 წლის მარტიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოელი ვიზიტორებისთვის იგი 1 ივნისიდან გაიხსნა.

PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საქართველოს საზღვრების გადმოკვეთა შეუძლიათ თურქეთის, ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებს.

 

104
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (807)
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

17
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

17
საპატრიარქო

მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

12
პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ, 17 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

კვირის დასაწყისში მეუფე იაკობმა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეუფე სპირიდონი შეცვალა. გუშინ ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რათა ომბუდსმენის აპარატს ნინოწმინდის პანსიონში თავისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. მან იმედი გამოთქვა, რომ პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ამ მხრივ პრობლემები აღარ შეექმნება.

შეხვედრის დროს საპატრიარქო არ აზუსტებს, თუმცა „პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

12
LED განათება

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია საქართველოში? - სემეკის პასუხი

0
ბუნებრივი აირის გაძვირებას თბილისში აქციები მოჰყვა, მანამდე კი გაიზარდა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები, პანდემიისა და მზარდი უმუშევრობის პირობებში კომუნალური გადასახადების გაძვირება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. 1 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა არ იგეგმება, აღნიშნულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სემეკმა ეს განცხადება გააკეთა ტარიფის შესაძლო მატების შესახებ პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ხმების გასაქარწყლებლად.

როგორც კომისიაში აღნიშნავენ, „საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას“.

კომისია ვარაუდობს, რომ დეზინფორმაციის მიზანია ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის ხელის შეშლა.

„კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. სემეკი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში ელექტროენერგია 1 იანვრიდან გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის 1 კვტ ელექტროენერგიის ფასმა 3,5 თეთრით მოიმატა და 26,537 თეთრი შეადგინა, მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით.

0