საბაგირო

მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

56
(განახლებულია 21:30 01.06.2021)
ამჟამად თბილისში სამი საბაგირო გზა ფუნქციონირებს. ერთი რიყის პარკსა და ნარიყალას აკავშირებს, მეორე – ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას, ხოლო მესამე – ბაგებსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დასრულდა და უახლოეს მომავალში სამუშაოები დაიწყება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, აღდგება მეცნიერებათა აკადემიის შენობისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ერთკილომეტრიანი საბაგირო, სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება. პროექტის განხორციელებას დედაქალაქის მერია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით უზრუნველყოფს. საბაგირო გზის მშენებლობაზე მერია 7,4 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

„მნიშვნელოვანია მთაწმინდისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა. ამ პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა, უკვე გადაჭრილია", – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც გასულ წელს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა, რადგან არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობის განსახლებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. ამ დროისთვის კი ყველა ოჯახთან, ყველა ადამიანთან შეთანხმება მიღწეულია. კალაძის მაშინდელი განცხადებით, საბაგირო იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი, რომელიც საათში 1000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება და რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდამდე მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგიროსთვის დამატებით დამონტაჟდება ხუთი კოშკურა, აქედან ორი მთის ფერდობზე დაიდგმება.

მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი საბაგირო გზის ქვედა სადგური მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში მდებარეობს. საბაგირო 1958 წელს გაიხსნა და 1990 წლის ზაფხულში მომხდარ კატასტროფამდე იმუშავა. მაშინ ბაგირის გაწყვეტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.

56
თემები:
თბილისის მერია (385)
ნინოწმინდის პანსიონი

რატომ დაატოვინეს ნინოწმინდის პანსიონი ზოგიერთ აღმზრდელს

1
პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან, განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

დღეს პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 40 აღმზრდელიდან პანსიონში 19 დარჩება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მაღლაფერიძის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც ითვალისწინებდეს.

„როდესაც იდენტიფიცირდა გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს. როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი განრიდება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 29 ბავშვია გაყვანილი.

„22 ჩარიცხული ბენეფიციარი რჩება, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ამას წინ უძღვის შეფასება, საუკეთესო ადგილების შერჩევა, ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, უნდა შევარჩიოთ მათთვის სწორი ზრუნვის ფორმები, შევეცადოთ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ან მათ სიახლოვეს განთავსება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

 

1
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

22
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

22