ნინა წკრიალაშვილი ილიას აზარი

ნინა წკრიალაშვილი წნევის აპარატის ფონზე რა მოუვიდა მომღერალს?

111
(განახლებულია 21:47 31.05.2021)
სოციალური ქსელებიდან რამდენიმეთვიანი გაქრობის შემდეგ ნინა წკრიალაშვილმა ფოტო გამოაქვეყნა. ნახეთ რას წერს მომღერალი.

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი იანვარში 43 წლის გახდა, თუმცა, მისი ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, „ვერ ხვდება როგორ და რანაირად მოვიდა ეს წლები“. ცოტა ხნის წინ მომღერალმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც მიაწერა, რომ თან წნევას იზომავს და თან ღვინოს სვამს. სავარაუდოდ, მომღერალს დაბალი წნევა აწუხებს.

გახმაურებული სკანდალების მონაწილემ თავი რამდენიმე წლის წინ საბერძნეთს შეაფარა, სადაც მორიგი სიყვარული იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, ნინა წკრიალაშვილს არ შეეშინდა და აღნიშნულზე საჯაროდ ისაუბრა. მრავალი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ ნინამ მოძალადე მამაკაცს სასამართლოშიც კი უჩივლა. ამის შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრა და ბედნიერების ძიება იქ დაიწყო.

რამდენიმე თვეა სოციალური ქსელიდან და ტელეეკრანებიდან გაქრა. ახლა, სავარაუდოდ, ლიბანელ მამაკაცს ილიას აზარსაც დაშორდა. რამდენიმე ძველი სურათის გარდა, ნინა წკრიალაშვილი შეყვარებულთან ერთად ფოტო-ვიდეომასალებს აღარ აქვეყნებს.

უახლეს ცეცხლოვან ფოტოებზე ნინა ჩვეულ ფორმაშია. მის მიმზიდველ ტანს ტატუები ისევ ამშვენებს, მისი კანი კი რუჯს ინარჩუნებს. ამ დრომდე უცნობია, თუ რას საქმიანობს ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში.

111
თემები:
ქართველი სელებრითები (475)
„რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქცია

ეკონომიკის სამინისტრო: სოფელ ნამოხვანში პროტესტი ვერ გაგრძელდება

21
(განახლებულია 13:10 19.06.2021)
ონლაინ-შეხვედრაზე განიხილებოდა სამი ძირითადი საკითხი - შემდგომი დეესკალაცია, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაკავებულების საკითხი

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის" მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მედიაციის მეორე შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური, რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა.

გასულ შაბათ-კვირას მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების" ლიდერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებთან მოლაპარაკებები გამართეს ევროპელი მედიატორის – ევროკავშირის სამდივნოს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილის და მოლაპარაკებებისა და დავების მოგვარების ცენტრის თავმჯდომარის დირკ ბუშლეს მონაწილეობით. ცხრასაათიანი შეხვედრის შედეგად მხარეებმა შეძლეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათთან უსაფრთხოების მიზნით მოწყობილი რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო, მაგრამ ადგილზე პოლიციის ძალები კვლავ რჩებიან და აქციის მონაწილეებს ხეობაში შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც ონლაინფორმატში 18 ივნისს გაიმართა, რამდენიმე საათს გაგრძელდა. მისი მსვლელობისას ის საკითხები განიხილეს, რომელთა მოგვარებაზეც მხარეები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით ერთი კვირის წინ, მედიაციის პირველ შეკრებაზე შეთანხმდნენ.

დავით თვალაბეიშვილმა დაასახელა სამი ძირითადი მიმართულება, რომლის შესახებ შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება.

„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რკინის კედელი იქნა გუმათიდან დემონტირებული. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგების თქმით, სანამ ხეობაში გადაადგილებას და პროტესტის ძველ ლოკაციას - სოფელ ნამოხვანში დაბრუნებას ვერ შეძლებენ, მედიაციის პროცესზე ვერ გადავლენ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საუბარია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეორე მხარისთვის.

„სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მოგვაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. თუ არსებობს რამე კითხვები, შევთანხმდით, რომ ამ კითხვებს მივიღებთ წერილობითი ფორმით და შემდეგ გაეცემა პასუხები“, – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მესამე საკითხი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდა.

„აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. მედიაციის შეხვედრისას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საკითხი დაისვა. ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს“,  – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

იმერეთის რეგიონში „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

21
გამვლელები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

36
(განახლებულია 12:21 19.06.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 769-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  358.360-ს მიაღწია.

თბილისი, 19 ივნისი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  769 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 455 შემთხვევაა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 62, ქვემო ქართლი - 58, აჭარა - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 44, შიდა ქართლი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, გურია - 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა  460 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343.837-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 17 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.148-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.349 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.764 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.481, აჭარაში - 210, იმერეთში - 386.

659 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 179 პირი, მათგან  თბილისში – 112, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 584 ადამიანი, მათ შორის 341 - თბილისში, 214- აჭარაში. 6.001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია სივრცეებში მოთავსებულია  44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10.052 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3.651, პირი, აჭარაში - 1.189, იმერეთში - 1.097.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 769-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  358.360-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

36
საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

0
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

მარშში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ.

შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

„ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ლტოლვილთა მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააწესა.

ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.

2021 წელს ლტოლვილთა მსოფლიო დრე ინკლუზიის ძალას მიეძღვნა.

ამ დღე გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.

0