სოზარ სუბარი

რას ნანობს სოზარ სუბარი ანუ პროტესტი ცხელ გულზე

109
(განახლებულია 16:29 29.05.2021)
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე დღის წინ დედაქალაქშიც გაიმართა, ბოლო სამი დღეა ხმაურიანი პროტესტი სოფელ გუმათში გრძელდება.

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. „ხუდონჰესის“ არაშენებამ საქართველოს ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა, მის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი შეცდომა იყო, განაცხადა პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროცესები 80-იან წლებში „ხუდონჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს შეადარა და აღნიშნა, რომ ცხელ გულზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენოს.

„მე ვიყავი ერთ-ერთი აქტივისტი და დამწყები „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლისა და ეს იყო საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმა. მაშინ რომ გაგვეაზრებინა ყველას, რას ვაკეთებდით, ადგილობრივებიც იტყოდნენ, ოღონდაც საქართველოს ასეთი დარტყმა არ მივაყენოთ და თანახმა ვართ, სხვაგან გადავსახლდეთო“, - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშრებით საჭიროა გონიერება. ქვეყნის განვითარება შეუძლებელია ენერგეტიკის გარეშე, აღნიშნა მან.

„ხუდონჰესის“ მშენებლობა 80–იან წლებში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მშენებლობა საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით შეჩერდა. ჰესის მშენებლობაზე თავის დროზე დახარჯული იყო 150 მლნ აშშ დოლარი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 215-ე დღეა გრძელდება.

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს.

109
ნინოწმინდის პანსიონი

რატომ დაატოვინეს ნინოწმინდის პანსიონი ზოგიერთ აღმზრდელს

17
პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან, განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

დღეს პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 40 აღმზრდელიდან პანსიონში 19 დარჩება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მაღლაფერიძის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც ითვალისწინებდეს.

„როდესაც იდენტიფიცირდა გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს. როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი განრიდება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 29 ბავშვია გაყვანილი.

„22 ჩარიცხული ბენეფიციარი რჩება, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ამას წინ უძღვის შეფასება, საუკეთესო ადგილების შერჩევა, ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, უნდა შევარჩიოთ მათთვის სწორი ზრუნვის ფორმები, შევეცადოთ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ან მათ სიახლოვეს განთავსება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

 

17
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

27
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

27
ფოტო კონკურსიდან

სტენინის სახელობის ფოტოკონკურსმა 2021 წლის შორტ-ლისტი გამოაქვეყნა

0
(განახლებულია 21:53 16.06.2021)
გამარჯვებულების გამოსავლენად კონკურსის ჟიურიმ 70 ქვეყნიდან წარდგენილი დაახლოებით 4,5 ათასი ნამუშევარი დაათვალიერა

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების კონკურსის ჟიურიმ (https://stenincontest.ru), რომელიც მსოფლიოს ტიტულოვანი ფოტოგრაფებისა და ფოტოექსპერტებისგან შედგება, 2021 წლის ლაურეატები გამოაცხადა.

გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურიმ დაახლოებით 4,5 ათასი ნამუშევარი დაათვალიერა. ლაურეატების შორტ-ლისტი კონკურსის რუსულ (http://stenincontest.ru) და ინგლისურ (http://stenincontest.com) საიტებზე გამოქვეყნდა.

შორტ-ლისტში 17 ქვეყნის წარმომადგენლები არიან შესული. მათ შორის: ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესპანეთის, საბერძნეთი, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქეთისა და სხვ. (http://stenincontest.ru). შორტ-ლისტში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა ფოტოგრაფები ინდონეზიიდან, მექსიკიდან და კანადიდან.

2021 წლის კონკურსის ლაურეატების ნამუშევრების თემები ასახავს მოვლენათა ლენტას, რომლებმაც მსოფლიოს ახალი ამბების ტრაფიკები „ააფეთქა“ გასულ წელს. მთავ თემებს შორისაა: მაისის საპროტესტო აქციები მინეაპოლისში, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც აფრიკასა და აზიაში კალიების უდიდეს შემოსევას მოჰყვა, COVID-19-ის პანდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მთელ მსოფლიოში.

ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის კურატორმა, Россия сегодня-ს ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ოქსანა ოლეინიკმა, 2021 წლის ფოტოების თავისებირებების შეფასებისას განაცხადა:

„გასული წელი, რომლის მოვლენები აისახა კიდეც ჩვენი ლაურეატების ნამუშევრებში, რთული იყო. ამითაც განისაზღვრება ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოების უმეტესობის ნერვი და დრამატულობა. კონკურსის მონაწილეები უბრალოდ კი არ აფიქსირებენ პრობლემას, არამედ მათ სურთ, რომ ფოტოგრაფიის მეშვეობით მნახველი საუბარში გამოიწვიონ, ერთად გააცნობიერონ პრობლემა და ერთად მონახონ მისი გადაჭრის გზები. და ჩვენი აზრით, ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ეს ბრწყინვალედ გამოსდით“.

ვინ მიიღებს ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის მთავარ ჯილდოს - გრან-პრის, და ასევე როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები კონკურსის ნომინაციაში, სექტემბერში გახდება ცნობილი და შედეგები გამოქვეყნდება საიტებზე - stenincontest.ru და stenincontest.com.

კონკურსის გეგმებში ასევე შედის გამარჯვებულების ტრადიციული როუდ-შოუს დაწყება მსოფლიოს ქალაქებში წლის ბოლომდე.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ორგანიზებით იუნესკოს საკითხთა რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა, ნიჭიერი, საზრიანი და ყველაფერ ახლისადმი გახსნილი ფოტოგრაფებისთვის, სადაც ისინი საზოგადოებას ყურადღებას ამახვილებინებენ ადამიანებსა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

2021 წელს კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო და ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, Shanghai United Media Group (SUMG), გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალები, საინფორმაციო სააგენტო Prensa Latina, საინფორმაციო სააგენტო News1, ინტერნეტ-პორტალი DBW, ახალი ამბების პორტალი Brasil247.

დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: ჟურნალი National Geographic რუსეთი, პორტალები Russian Photo და Photo-study.ru, ფოტოსკოლა Академия фотографии, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists, ჟურნალი Fotoargenta, ფოტოჟურნალისტიკის კლუბი „ნიუ დელი“, ჟურნალები Enfoque Visual და LF Magazine, საერთაშორისო პარტნიორია ფესტივალი PhotON.

0