ამირან გამყრელიძე

საქართველოში შემოსულ პირებს შესაძლოა დამატებითი რეგულაციების შესრულება დააკისრონ

100
(განახლებულია 13:41 29.05.2021)
სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანაში შემოსული პირების რაოდენობა მოიმატებს, რაც ინფიცირების კუთხით რისკებს ზრდის, მიიჩნევს ამირან გამყრელიძე.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოში ჩამოსულ პირებს ქვეყანაში ყოფნისას შესაძლოა პერიოდულად PCR-ტესტის ჩაბარება მოუწიოთ, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები 1 ივნისიდან გაიხსნება. სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთას პირი შეძლებს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში. საქართველოში შემოსული პირები ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი.

„არ შეიძლება, საზღვარზე შემოვიდეს ადამიანი, ვისაც არ ექნება უარყოფითი PCR-ტესტი. იგივე, ვინც ორჯერ აცრილი იქნება, მისთვისაც აუცილებელი იქნება ნეგატიური PCR-ტესტის ქონა. ასევე, მუშავდება წინადადებები, რომ აქ ყოფნის პერიოდში, მათ პერიოდული ტესტირება გაიარონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ მეტი ყურადღებას საჭირო, რადგან უფრო მეტი ადამიანი შემოვა ქვეყანაში. გარდა ამისა, უკიდურესად აუცილებელია ყველა რეკომენდაციის მკაცრად დაცვა და აღსრულება, აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა.

ის ასევე შეეხო ქვეყანაში კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას და აღნიშნა, რომ 27 მაისის შემდეგ ქვეყანაში ახალი შემთხვევები აღარ გამოვლენილა, ხოლო ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც ეს შტამი გამოუვლინდათ, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„ამ შემთხვევებში, არაფერი განსხვავებული სიმპტომი არ ყოფილა, ყველგან მსუბუქად მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, კვლევაში აღარ არის ე.წ. საეჭვო შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

საქართველოში „ინდური შტამი“ უცხოეთიდან შემოსულ ხუთ პირს გამოუვლინდა, სამმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ასაჯაროებს, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ აღნიშნული პირები.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, „ინდური შტამი", ისევე, როგორც „ბრიტანული“, არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს კოვიდ-პანდემიის დინამიკა, ან მედიკოსთა ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვდეს. მისი სიმპტომები მსგავსია, ასევე აბსოლუტურად იგივეა თავდაცვის საშუალებები – პირბადე და სოციალური დისტანცია. თუმცა, მედიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ამ შტამს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ჯერ ისევ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს. 

უცხოელებს ქვეყანაში ჩამოსვლა ჯერ მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. ამჟამად საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.

100
ნინოწმინდის პანსიონი

რატომ დაატოვინეს ნინოწმინდის პანსიონი ზოგიერთ აღმზრდელს

13
პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. აღმზრდელები, რომლებთან დაკავშირებითაც რისკები გამოიკვეთა, ნინოწმინდის პანსიონში აღარ იმყოფებიან, განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

დღეს პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 40 აღმზრდელიდან პანსიონში 19 დარჩება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მაღლაფერიძის განმარტებით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა გარკვეული პერსონალის გადამზადებასაც ითვალისწინებდეს.

„როდესაც იდენტიფიცირდა გარკვეული რისკები კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, მათ დაწესებულების ტერიტორია დატოვეს. როდესაც დაწესებულებაში რაიმე ტიპის რისკზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს მათი განრიდება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ნინოწმინდის პანსიონიდან სულ 29 ბავშვია გაყვანილი.

„22 ჩარიცხული ბენეფიციარი რჩება, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება. ამას წინ უძღვის შეფასება, საუკეთესო ადგილების შერჩევა, ბიოლოგიური ოჯახების შეფასება, მათთან კონტაქტი და ასე შემდეგ. როდესაც ბავშვების ინტერესებზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ ფრაზა, უნდა შევარჩიოთ მათთვის სწორი ზრუნვის ფორმები, შევეცადოთ მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ან მათ სიახლოვეს განთავსება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ გაასაჩივრა.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

 

13
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

26
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

26
ვლადიმი8რ პუტინი

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

0
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები იმისათვის ხვდებიან, რომ სამყარო ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის აყვავებულ სახლად აქციონ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კანადელი ჟურნალისტის ცხრა წლის ქალიშვილის კითხვას იმაზე, თუ რისთვისაა საჭირო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა და რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი.

„პასუხი მარტივია. საჭიროა ირგვლივ მიმოიხედო და თქვა: „ხედავ, როგორი მშვენიერია ეს სამყარო?! და ზრდასრული ადამიანები, ორი ქვეყნის, უმსხვილესი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ეს სამყარო აქციონ უსაფრთხო, საიმედო, აყვავებულ სახლად ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის. ისინი ისაუბრებენ საშიშ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უნდა შეიზღუდოს, და შეიმუშავებენ მისი არგამოყენების საერთო წესებს. ისინი ისაუბრებენ გარემოს დაცვაზე, იმაზე, რომ მდინარეები და ზღვები იყოს სუფთა, რათა არ მოხდეს წყალდიდობები, გვალვები, რათა საკმარისი სურსათი იყოს პლანეტის ყველა ბინადარისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ისაუბრებენ ჯანდაცვის საკითხებზე, რათა როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ ნაკლებად იავადმყოფონ, შეძლონ სწავლა და მომავლის არ შეეშინდეთ“. ვისურვებდი, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო (მიმართა ჟურნალისტებს, - რედ.), გააშუქოთ სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0