მამუკა ხაზარაძე: „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, მაგრამ არა ბარიკადების ფონზე

© photo: Sputnikმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, რომ სხვა პროექტებს მიეცეთ მწვანე შუქი, განაცხადა პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შექმნილი ვითარება საკომიტეტო მოსმენის ფორმატში განიხილონ, რომელსაც ეკონომიკის, იუსტიციის და გარემოს დაცვის მინისტრები დაესწრებიან, იუწყება „პირველი არხი“. 

აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
შედეგი მიღწეულია: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან, მაგრამ...

ოპოზიციური პარტიის აზრით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ასევე უნდა მოიწვიონ ყველა დაინტერესებული მხარე, რათა მაღალპროფესიონალურ დონეზე და კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გაეცეს ყველა კითხვას პასუხი.

„ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია – აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ფრაქციის პოზიციაა, რომ ჰესი უნდა აშენდეს, მაგრამ არა ბარიკადების, ძალადობისა და დაპირისპირების ფონზე, არამედ საერთაშორისო სტანდარტების დონის შეთანხმებით“, – განაცხადა ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა მამუკა ხაზარაძემ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 214-ე დღეა გრძელდება. „რიონის ხეობის მცველებმა" ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს დედაქალაქშიც, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდა. აქციაზე მთავრობის მისამართით რიგი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად ერთდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და აქციის მონაწილეებმაც თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს. ხელისუფლება, თავის მხრივ, აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს. საბოლოოდ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ და პროტესტი იქ გააგრძელეს. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები დახვდათ.  გუშინ პოლიციამ აქციის რვა მონაწილე სამართალდამცველთა კორდონთან შეხლა-შემოხლისას დააკავა.

აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
სოფელ გუმათში ვითარება დაიძაბა - დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს.

ყველა ახალი ამბავი
0