მემორანდუმის გაფორმება

საქართველო და თურქეთი ორგანოების გადანერგვის სფეროში ითანამშრომლებენ

47
(განახლებულია 19:14 27.05.2021)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ტრანსპლანტაციის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ქვეყანაში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია საქართველის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის მიზანი ტრანსპლანტაციის ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური და საინჟინრო ბაზით უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოხდება ქართველი სპეციალისტების გადამზადება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ტრანსპლანტაციის ეროვნული საკოორდინაციო სისტემის ჩამოყალიბება. 

„ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია. სწრაფად ვითარდება ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სერვისები. თუმცა, ხარისხის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. დღევანდელი შეხვედრა და მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა თურქეთის ტრანსპლანტოლოგთა საზოგაოდებასთან და ინიციატივა, რომელიც შესრულდება თურქეთის ტექნიკური კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით, მიმართულია ქართველი სპეციალისტების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ, ტრენინგების ჩატარებისა და, ზოგადად, ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

მემორანდუმი საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა.

საქართველოში ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2013 წელს გაკეთდა. 20-საათიანი ოპერაცია ბათუმში ჩატარდა. მას შემდეგ ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული ყველა ოპერაცია წარმატებით სრულდება. პაციენტებს, რომლებსაც მანამდე ოპერაციის გასაკეთებლად უცხოეთში გამგზავრება უწევდათ, შეუძლიათ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აჭარის კლინიკებში მიიღონ.

47
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (262)
ლაბორატორიაში

აშშ-დან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „რემდესივირი“ გამოიგზავნა

14
ათასზე მეტ პაციენტზე გათვლილი მედიკამენტის მარაგს საქართველოს მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences დონაციის სახით გადასცემს.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ორიგინალი წარმოების 10 ათასი კოლოფი ანტივირუსული „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კომპანია „გილიადმა“ გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღო.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 ათასი კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საქართველოში „რემდესივირის“ დეფიციტზე დაიწყეს საუბარი. მაშინ გაბუნიამ განაცხადა, რომ პრეპარატის მარაგი უახლოეს დროში შეივსებოდა. საქართველომ აღნიშნული პრეპარატი შეიძინა ინდოეთში, თუმცა, აღნიშნულ ქვეყანაში გართულებული კოვიდ–ვითარების გამო, პრეპარატის შემოტანის კუთხით პრობლემა შეიქმნა.

საქართველო პრეპარატის შესყიდვის თემაზე მუშაობს ეგვიპტესთანაც.

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა. ჯერ კიდევ ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს აღნიშნული პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია მისცა. თუმცა, ამჟამად ამ პრეპარატს ამგვარი რეკომენდაციები აღარ გააჩნია.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, აღნიშნულ პრეპარატს საქართველოში ექიმის დანიშნულებით პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენებენ.

14
საპატრიარქო

მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

12
პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მეუფე სპირიდონმა, ხოლო მის ნაცვლად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) დაინიშნა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ, 17 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

კვირის დასაწყისში მეუფე იაკობმა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეუფე სპირიდონი შეცვალა. გუშინ ნინო ლომჯარიამ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მიმართა, რათა ომბუდსმენის აპარატს ნინოწმინდის პანსიონში თავისი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. მან იმედი გამოთქვა, რომ პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ამ მხრივ პრობლემები აღარ შეექმნება.

შეხვედრის დროს საპატრიარქო არ აზუსტებს, თუმცა „პირველი არხის“ ინფორმაციით, შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება. საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო, ან რეინტეგრაცია) გადაყვანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ.

პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დაახლოებით ნახევარი გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

12
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ექვსის პლატფორმა: ანკარა თბილისთან რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას იხილავდა - ერდოღანი

0
პლატფორმაში შეიძლება შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთი, აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა თბილისთან იხილავდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას „ექვსის პლატფორმის“ ფარგლებში, იუწყება РИА Новости.

ერდოღანმა ბაქოში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად იხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ექვსის პლატფორმის“ შექმნის საკითხს თანამშრომლობის გასავითარებლად. პლატფორმაში შესაძლოა შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, „სურვილის შემთხვევაში“, სომხეთი.

„მე და ჩემმა ძმამ (აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, - რედ.) წამოვაყენეთ წინადადება. მოდით შევქმნათ პლატფორმა ექვსი ქვეყნის თანამშრომლობისთვის. შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი, ჩვენ ვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე აღვნიშნე, რომ ეს საქართველოსთვის ხელსაყრელია, მოდით ეს გავაკეთოთ. გვინდა, რომ თქვენ გადალახოთ რუსეთთან არსებული სირთულეები. ვთქვი, რომ ეს კარგი იქნება. რეგიონს მშვიდობა სჭირდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.

ოფიციალურმა თბილისმა ამას წინათ ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობას შეუძლებლად მიიჩნევს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა. დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის დისკუსიებისა და 2012 წლიდან პრაღაში მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ვაჭრობასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავენ.

0