მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

© photo: Marina Janashia / FBმარინა ჯანაშია
მარინა ჯანაშია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მსახიობმა აქტიური თეატრალურ ცხოვრება დაიწყო. მისი სახელი არაერთ სპექტაკლსა და ფილმს უკავშირდება.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა. იგი გერმანიაში მკურნალობდა და 14 ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ იგი თეატრს დაუბრუნდა, თუმცა დაავადების ბოლომდე დამარცხება ვერ შეძლო.

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს ამ დანაკლისის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექტივს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას“, – წერია სამძიმრის წერილში.

მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. მსახიობის კარიერა რუსთაველის თეატრში დაიწყო, შემდეგ იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, ხოლო 1988 წელს კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა.

მან დაუვიწყარი სახეები შექმნა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა „ანტიგონე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ქალის ტვირთი“, „ქართველი ქალი“, „ოტელო“, „თავადის ასული მერი“, „ევრიდიკე“, „ისევ ვოდევილები“, „კარმენი“, „ანა ფრანკის დღიური“, „ჯინსების თაობა“ და სხვ.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში: „ნუცა“, „საქმე გადაეცემა სასამართლოს“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „გზის დასაწყისი“, „კუკარაჩა“, „მარადისობის კანონი“ და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0