შედეგი მიღწეულია: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან, მაგრამ...

© Sputnik / STRINGERაქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტის მონაწილეები თბილისიდან რიონის ხეობაში ბრუნდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, აქცია დედაქალაქში აღარ გაიმართება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების ოთხდღიანი საპროტესტო აქცია დასრულდა და ისინი რიონის ხეობაში ავტოკოლონით ბრუნდებიან.

გუშინ თბილისში გამართულ მიტინგზე აქციის ორგანიზატორებმა დედაქალაქიდან რიონის ხეობაში დაბრუნება და პროტესტის ადგილზე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა კომპანია ENKA-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საშუალება არ მისცენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ აღასრულებს საზოგადოების დაკვეთას, ის ვერ იქნება იმ საზოგადოების ხელისუფალი.

„არანაირი არგუმენტი არ აქვს მოპირდაპირე მხარეს. მან უნდა იგრძნოს, და თუ არ იგრძნობს, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, რომ გადადგას ინ ნაბიჯი, რაც არის ხალხის ნება და არ გაჯიუტდეს, თორემ ეს მიიყვანს ჩამოშლამდე ამ სისტემას და ამ ჩამოშლაზე პასუხისმგებლობა იქნება თავად მათზე", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
პოლიცია რიონის ხეობაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
რკინის კონსტრუქციები და პოლიცია – რა დახვდებათ გუმათში „რიონის ხეობის მცველებს“

მისი თქმით, თბილისში, სადაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს, საპროტესტო მსვლელობების დროს გზების გადაკეტვა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.

„მოხდა პარალიზება და ამით დავაფიქრეთ ადამიანები, თითოეული ჩვენგანი რა რუტინაშიც ვართ ჩაბმული, დავფიქრდეთ, შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას გაერთიანებისკენ, რათა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხის მართვა ამ ერთობით გადაიჭრას, და არა იმ გარე თუ შიდა ძალების მიერ, რომლებიც, მისი თქმით, მთელი ამ დღეების განმავლობაში საპროტესტო მოძრაობის „გამარგინალებას და გაშავებას“ ცდილობენ.

„ამიტომ ვფიქრობთ, რომ შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა. ახლა მთავარია, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, რაც უკავშირდება ბრძოლის წინა ხაზზე წასვლასა და მორალურ ომში ჩაბმას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს სამართალდამცველებმა სოფელ გუმათის დასახლებაში, მდინარე რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე რკინის კონსტრუქციები აღმართეს. შსს-მ რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარლამ გოლეთიანმა ხეობაში პროტესტის გაგრძელების შესახებ განაცხადა.

ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
ლევან ვასაძე ნამახვანჰესის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოდის

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 212-ე დღეა გრძელდება. აქციამ რეგიონებიდან თბილისში კვირას გადმოინაცვლა. აქციაზე მთავრობის მიმართ რიგი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელიც ხელისუფლებას 24 მაისის შუადღემდე უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და აქციის მონაწილეებმაც თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს. ხელისუფლება, თავის მხრივ, ულტიმატუმის ენას მიუღებლად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

პროტესტის ტალღა საქართველოში: „ნამახვან ჰესის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრი გადაკეტეს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
პროტესტის ტალღა საქართველოში: „ნამხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრი გადაკეტეს

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0