ბუნტი სტუ-ში: ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

© photo: Sputnik / Levan Avlabreli სტუ-ს სტუდენტების აქცია
სტუ-ს სტუდენტების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
სტუს-სტუდენტები მოითხოვენ დავით გურგენიძის გადადგომას, რადგან მიაჩნიათ, რომ ნასამართლევი ადამიანი არ უნდა იკავებდეს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რექტორის თანამდებობას.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სტუდენტები განათლების სამინისტროს შენობასთან რექტორის გადადგომის მოთხოვნით მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ და საღამომდე განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დავით გურგენიძე სამჯერაა ნასამართლევი და მისი რეზიუმე გაყალბებულია. ისინი ამტკიცებენ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გასამართლებულია ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა იარაღის უკანონო შეძენა, არასრულწლოვანი ბავშვების გატაცება მამასთან ერთად და თაღლითობა.

საპროტესტო აქციები სტუ-ში აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს. რამდენიმე სტუდენტი პროტესტის ნიშნად მესამე დღეა შიმშილობს.

„სტუდენტები კრიმინალი რექტორის წინააღმდეგ“ - პლაკატები ასეთი წარწერებით უკავიათ სტუდენტებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ის არის არაერთგზის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე ბრალდებებისთვის, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა არის ამორალური. უკვე სამი დღეა ვშიმშილობთ, რაზეც არანაირი რეაგირება არ ყოფილა სამინისტროს მხრიდან. ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ შევხვდეთ მინისტრს და მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ დავით გურგენიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ტექნიკური უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

აქციის მონაწილეებმა განათლების მინისტრს შეხვედრისთვის დრო 21:00 საათამდე მისცეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, თუ მინისტრი სტუდენტებს დათქმულ დრომდე არ შეხვდება, განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქცია დასრულდება და პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც პარლამენტში ინიციატივის დარეგისტრირებას გეგმავს, რომლის თანახმადაც, ნასამართლევი ადამიანი ვერ დაიკავებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის თანამდებობას.

სტუდენტებმა ვაშაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

სტუ–ის რექტორი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ რეზიუმეში მთელი ინფორმაცია სარწმუნოა და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ის პასუხისმგებელია თითოეულ პუნქტზე.

უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციების შეწყვეტას რექტორის გადადგომამდე არ აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0