თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ძლიერმა ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა – მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება ლანჩხუთის მერიის პრეს–სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, აცანის, შუხუთის, ჩიბათისა და ჩოჩხათის სოფლებში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ქარმა მოგლიჯა ხეები და დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები.
ლანჩხუთის მერის ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლანჩხუთისა და კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობას.
„მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე კომპანია Energo-Pro-Georgia-ს ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის. მუნიციპალიტეტი მოსახლეობას შეძლებისდაგვარად გაუწევს დახმარებას“, – განაცხადა სარიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში.