დმანისში ვითარებას შსს აკონტროლებს

© Sputnik / STRINGERპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის აქციის მონაწილეები პოლიციის შენობასთან არიან შეკრებილი და არეულობის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სიტუაცია დმანისში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, შედარებით დამშვიდდა.

დმანისის მცხოვრებლებმა ცხრა აპრილის ქუჩიდან პოლიციის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც, მათი განცხადებით, არეულობის დროს დაკავებულები იმყოფებიან. 

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
შსს: დმანისში პოლიციის ძალები არიან მობილიზებული

დმანისში ადგილობრივი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი გუშინ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიის გამყიდველმა რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა. ქალის თქმით, ახალგაზრდებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს, მამამისი კი სცემეს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, კონფლიქტი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის კვირას მოხდა, ხოლო ამ დილით ახალი ძალით განახლდა.

შსს დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დაპირისპირება და დაემორჩილონ სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნებს.

დმანისში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.

ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიციას მოუწოდებს, ვითარების განსამუხტად დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები.

„შესაბამისმა უწყებამ დროულად უნდა მიიღოს ზომები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. საკუთარი მოსახლეობისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება დაუშვებელია. მე ასევე მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეუწყონ კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – განაცხადა ვაშაძემ. 

პოლიციელები - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
დმანისში ვითარება კვლავ დაიძაბა – პოლიცია ხალხის დამშვიდებას ვერ ახერხებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კანონი კონფლიქტის ყველა მონაწილის მიმართ მკაცრად უნდა მოქმედებდეს განურჩევლად ეთნიკური ნიშნისა, რადგან ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

„მთავრობა დაინტერესებულია ამ კონფლიქტის აღმოფხვრით. ყოფითი კონფლიქტი გუშინ ბანალური მიზეზის გამო დაიწყო და მისი ეროვნული და ეთნიკური ნიშნით შემოსვა მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ვინმე დაინტერესებულია კონფლიქტის გაღვივებით, ეს არის ცალსახა მტრობა ქვეყნის მიმართ. წინასწარ ვერ ვიტყვი, კონფლიქტი პროვოცირებული იყო თუ სპონტანური“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქვემო ქართლის რეგიონის პოლიციის უფროსის ლაშა გოგნიაშვილის განმარტებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ახალ დაპირისპირებებს ადგილი არ ჰქონოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფის თანამშრომელი ყველანაირად შეეცადა, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. მაქსიმალურად განვაიარაღეთ ყველა“, – განაცხადა გოგნიაშვილმა.

ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილიც, რომელიც დაძაბული ვითარების განმუხტვას და ხალხის დამშვიდებას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0