Georgian Manganese: კომპანიამ და შუქრუთის მოსახლეობამ შეთანხმებას მიაღწიეს

© courtesy of Georgian ManganeseGeorgian Manganese
Georgian Manganese - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის სამმა მკვიდრმა კომპანია Georgian Manganese-ის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა „ჯორჯიან მანგანეზთან“  კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთანხმდა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის სამმა მკვიდრმა კომპანია Georgian Manganese-ის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ადგილობრივების განცხადებით, მანგანუმის მადნის მომპოვებელი კომპანიის მუშაობამ მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა და საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. კომპანიის მიერ შეთავაზებული კომპენსაცია კი მიზერულია და მიყენებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ ისინი ზარალის კერძო აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ.

„შუქრუთი პლიუსი" კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს. მაგრამ მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციების ოდენობას არ ეთანხმება.

მოსახლეობაში ჯამურად დარიგებული თანხა ამ დროისთვის 1,7 მილიონ ლარს შეადგენს, აცხადებენ „ჯორჯიან მანგანეზში“. 

„სოფელში ჩატარდა საინჟინრო კვლევები და გამოვლინდა ყველაზე დაზარალებული ოჯახები კატეგორიების მიხედვით, პირველ კატეგორიაში მოხვდა 36 ოჯახი, მათზე გასაცემი  საკომპენსაციო თანხის ოდენობა კი 2.3 მილიონი ლარით განისაზღვრა“, - განაცხადა „ჯორგიან მანგანეზის“  წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ.
გაფიცვა ჭიათურაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
პროტესტი Georgian Manganese-ის წინააღმდეგ – სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

მისი თქმით, პირველ კატეგორიაში მოხვედრილი ოჯახების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუმცა ყველა დაზარალებული დაპირებულ თანხას დადგენილ ვადაში -წელიწადსა და სამ თვეში მიიღებს.

„მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ყველა ამ ოჯახთან გაფორმდება ხელშეკრულებები საკომპენსაციო თანხის გაცემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სალაძემ.

შეთანხმების მიხედვით, ხვალიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი" მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

კომპანია Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. კომპანიაში დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანია დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0