„ეს დღე ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა“: კახა კალაძე საზოგადოებას 9 მაისს ულოცავს

© photo: Tbilisi City Hall / FBკახა კალაძე
კახა კალაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

საქართველოში დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

„ეს დღე არის ბოროტებაზე გამარჯვების და ექსტრემიზმის დამარცხების სიმბოლო. მადლობა ჩვენს ვეტერანებს თავდადებისთვის! ხსოვნა და პატივი მეორე მსოფლიო ომის გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას!“ – დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში. 
9 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა, ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება – წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

დღეისთვის საქართველოში 263 ვეტერანი ცხოვრობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0