გამყრელიძე: ჯანმოს ავტორიზაციით Sinopharm-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დამტკიცდა

© REUTERS / MARKO DJURICAჩინური ვაქცინა Sinopharm
ჩინური ვაქცინა Sinopharm - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
Sinopharm-ის ვაქცინა COVAX-ის წევრ ქვეყნებს, სადაც საქართველოც შედის, ისევე მიეწოდება, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც COVAX–პლატფორმაზე იქნება განთავსებული.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მტკიცდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ამავე დროს ჯანმო 60 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებს ამ ვაქცინის გამოყენებას არ ურჩევს, რადგან ჯერჯერობით ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. 

 Sinopharm-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
Sinopharm-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

გამყრელიძის განცხადებით, Sinopharm-ის ვაქცინა უფრო და უფრო მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

„Sinopharm-ი არის მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. დიდი ხანია ჩინეთს წარდგენილი ჰქონდა Sinopharm-ი, ისევე, როგორც Sinovac-ი აქვს წარდგენილი ავტორიზაციაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, Sinopharm-ი გამოიყენება მსოფლიოს 45-მდე ქვეყანაში და აქვს ამ ქვეყნების ავტორიზაცია.

„ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება. ამავდროულად ის ხელმისაწვდომი ხდება მეტი ქვეყნისთვის, რადგან ნდობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისადმი არის ისეთივე მაღალი, როგორიც გახლავთ ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმართ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, რადგან Sinopharm-მა უკვე მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია, დიდი ალბათობით, ის განთავსდება COVAX–პლატფორმაზე.

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით. აღნიშნული პრეპარატის 100 ათასი დოზა ქვეყანამ აპრილში მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი ჩინური ვაქცინის დამატებით 600 ათასი დოზა, საიდანაც 250 ათასი – ივნისში.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

ამ დროისათვის აცრილია 55 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო მეორე დოზა 9 ათასმა ადამიანმა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0