FlyArystan

FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისში პირველი რეისი შეასრულა

61
(განახლებულია 19:03 05.05.2021)
მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 

აქტაუ–ქუთაისი–აქტაუს მიმართულებით ავიარეისები 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდება. ფრენები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.

გაერთიანების მონაცემებით, ბორტზე მყოფ 140-ვე მგზავრს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

FlyArystan-მა ქუთაისში რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო ყაზახეთის სამი ქალაქიდან – ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი.

ატირაუდან პირველი რეისი 2 მაისს შესრულდა.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები თითოეულ მიმართულებაზე კვირაში ორჯერ განხორციელდება.

აეროპორტების ასოციაციის განმარტებით, ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR–ტესტის ნეგატიური პასუხი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები 1 მარტიდან გამარტივდა.

61
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (224)
ნინოწმინდის პანსიონი

დაიხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი - რა გადაწყდა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე

36
(განახლებულია 20:13 13.06.2021)
ნინოწმინდის პანსიონში ამ ეტაპზე 23 ბავშვი რჩება, მათთან სოციალური მუშაკები მუშაობენ, პარალელურად მიმდინარეობს ამ ბავშვებისთვის ოჯახების მოძიებაც.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე დღეს საქართველოს საპატრიარქოში იმსჯელეს, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც გასულ კვირაში ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საპატრიარქოს მიერ ინიცირებულ შეხვედრას სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან  ერთად ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

„ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, დაიხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ პანსიონის დახურვაზე კი არ არის საუბარი, არამედ დაწესებულების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

„ამ ეტაპზე 23 ბავშვია ნინოწმინდაში, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, მაგრამ ასევე არიან ალტერნატიული ზრუნვის სერვისებშიც. ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს. გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, შემდგომი მუშაობა იქნება მიმართული ბავშვების ოჯახში დაბრუნების და ინტეგრაციის წახალისებაზე.

„შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამისად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათი საუკეთესო ინტერესის გამოვლენა, მათი ოჯახში დაბრუნება და ინტეგრაცია იყოს წახალისებული, მათ შორის ნინოწმინდაშიც“, - განაცხადა ბარკალაიამ.

გუშინ კი პროკურატურამ ბრალი წაუდგინა მამაკაცს, რომელიც თავის დისშვილს, ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელს, შსს-ში არაადამიანური მოპყრობის საქმის ფარგლებში გამოკითხვის შემდეგ მოკვლით ემუქრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.

ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ პანსიონიდან 25 არასრულწლოვანი, მათ შორის შშმ პირები გაიყვანა.

36
პოლიცია იცავს ჰესის სამშენებლო მოედანს

პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ: მედიატორმა შემაჯამებელი დოკუმენტი შეადგინა

23
(განახლებულია 17:02 13.06.2021)
ერთ-ერთ პირობაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „რიონის ხეობის მცველებმა“ შემდგომი პროტესტი სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე უნდა გააგრძელონ.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ, რომელიც შეხვედრის მედიატორი იყო, მოლაპარაკების მხარეებს შემაჯამებელი დოკუმენტი გაუგზავნა.

დოკუმენტის ნათარგმნი ვერსია ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.

შეხვედრა, რომელსაც მედიატორების გარდა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები და გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნატახტარში გუშინ ცხრა საათს გაგრძელდა.

პროექტთან დაკავშირებით:

–  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაასაჯაროებს ინსპექტირების ანგარიშს მშენებლობის ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით (2 კვირა);

–  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაატარებს მოკვლევას გარემოსდაცვით ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით და გაასაჯაროებს (ორი კვირა );

–  ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);

– მწვანე ალტერნატივა მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს კონტრაქტის კომერციული პირობების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);

სიტუაცია რიონის ხეობაში:

– რიონის მცველები გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე;

– პროკურორი განიხილავს და გამოაქვეყნებს დასკვნას დაკავების შემთხვევებზე;

–  პოლიცია აიღებს არსებულ ბარიერს და უზრუნველყოფს მთავარ გზაზე დაშვებას (პარასკევს);

–  პოლიცია ორგანიზებას გაუწევს და თან გაჰყვება რიონის ხეობის მცველებს სამშენებლო მოედანის მონახულებისას და დაუშვებს დოკუმენტაციას (პარასკევს);

ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკა:

– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და დაუგზავნის ყველას საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის თავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, (ივლისი).

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

 

23
სვანური კოშკები უშგულში

კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები: საქართველოს საოცრებები პოპულარულ გადაცემაში მოხვდა

0
(განახლებულია 21:04 13.06.2021)
საქართველოში შოუს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უმასპინძლა.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ცნობილმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ „ორიოლ ი რეშკა“ - სამყაროს საოცრებები“ გადაცემა საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე მოამზადა.

სცენარის მიხედვით, საქართველოში ტურისტად ჩამოსული შოუს მონაწილეები ანტონი და ვასილისა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებას ეძებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში მოსახვედრად.

გადაღებების ნაწილი ქუთაისის განახლებულ აეროპორტში წარიმართა. საიდანაც მესტიის მიმართულებით ე.წ. შოუს მდიდარი მონაწილე გოგონა კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა,  ხოლო შოუს ღარიბი მონაწილე ბიჭი, რომელსაც მონეტით კენჭისყრისას 100 დოლარი ერგო, სვანეთამდე ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით წავიდა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. ჩვენ მის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, სვანეთში მივემგზავრებით. ჩვენი დღევანდელი საოცრება იდუმალი სვანური კოშკებია“, - განაცხადეს წამყვანებმა სათავგადასავლო გადაცემის დასაწყისში.

საქართველოში შოუს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უმასპინძლა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, სატელევიზიო შოუში საქართველოს ორი აეროპორტი წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი. ტურისტული მიმართულებით კი საქართველოს ორი რეგიონი: იმერეთი და სვანეთი.

სვანეთში გადაღებები მიმდინარეობდა მესტიაში და უშგულში. ნაჩვენებია სათხილამურო კურორტი თეთნულდი, ჭალაათის მყინვარი, უშგულში თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია, მარგიანების საგვარეულო სახლ-მუზეუმი და, რა თქმა უნდა, ულამაზესი სვანური კოშკები და შთამბეჭდავი ბუნება.

აღსანიშნავია, რომ 50 წუთიან გადაცემას ფონად გასდევს ქართული ხალხური სიმღერები, თავად ანტონიც კი ქართულად ამღერდა და სვანური ქუდის შეძენის შემდეგ განაცხადა, რომ „ნამდვილი სვანი გახდა“.

„საქართველო პაწაწინა ქვეყანაა, მაგრამ აქ ამხელა საოცრებებია: კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები - და ისინი ზეცისკენ მიიწევენ“, - ამ სიტყვებით ასრულებს წამყვანი გადაცემას.

გადაცემა Youtube-არხზე ორ დღეში უკვე 90 ათასმა ადამიანმა ნახა.

სათავგადასავლო ჟანრის გადაცემა კვირაში ერთხელ Novy არხზე გადის ეთერში და ასევე, კომბინირებულად რუსეთშიც  მაუწყებლობს FRYDAY TV Channel-ზე. „არიოლ ი რეშკას“ ჯამში 70 მლნ მაყურებელი ჰყავს. 2014 და 2016 წლებში მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო გასართობი შოუსთვის. ასევე, უკრაინის უმაღლესი სატელევიზიო ჯილდო „ტელეტრიუმფი“.

 

 

0