აღდგომა 2021

საქართველოს პირველი პირები მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

63
(განახლებულია 14:47 02.05.2021)
საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანებია, დღეს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველოს პირველი პირები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაული მიულოცა.

„აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას. ქრისტე აღდგა!“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

 მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს თბილისის მერი კახა კალაძეც და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

თბილისის მერმა განსაკუთრებულად მოულოცა აღდგომა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

„სიკეთის, სიხარულის, იმედის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო! ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით დაე, მშვიდობა და კეთილდღეობა  დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებში, მთელ ქვეყანაში, მსოფლიოში! მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის. ღმერთმა ინებოს მათი მალე გამოჯანმრთელება!“– წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

აღდგომის ღამეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ბრწყინვალე აღდგომის ღამისთვის ხელისუფლებამ „კომენდანტის საათის“ მოქმედება შეამოკლა. სამებაში ღამით ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებიც - ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სხვ.

აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.

 

 

63
Pfizer-ის ვაქცინა

როდის აიცრებიან ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებულები: იმნაძის განმარტება

8
(განახლებულია 17:51 06.05.2021)
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ამასთან იმნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ეს რეგულაცია გადაიხედოს და პერიოდი შემცირდეს.

იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაავადდნენ, უცნობია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინით - AstraZeneca-თი, Pfizer-ით და Sinopharm-ით ხორციელდება. სამივე ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

8
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

25
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

25
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები