გაფიცვა „რუსთავის აზოტზე“: თანამშრომლების ნაწილი ადმინისტრაციის შეთავაზებას დათანხმდა

© Sputnik / Vladimir Umikashvili„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების გაფიცვა
„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლების გაფიცვა - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2021
გამოწერა
შეთავაზება გაფიცული თანამშრომლების ანაზღაურების გარკვეულწილად გაზრდას ითვალისწინებს. ამ დრომდე გაფიცული იყო „რუსთავის აზოტის" 2000-მდე თანამშრომელი.

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. რუსთავში მდებარე ქიმიური ქარხანა „აზოტის“  გაფიცული თანამშრომლების ნაწილი საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა საწარმო ამ დრომდე სრული დატვირთვით ჯერ არ მუშაობს, იუწყება „პირველი არხი“.

გუშინ ქარხანა „აზოტის“ ადმინისტრაციამ პროტესტის მეხუთე დღეს გაფიცულ თანამშრომლებს გარკვეული შეთავაზებები წარუდგინა. შეთავაზების თანახმად, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც თვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება აქვთ არაუმეტეს 1.000 ლარისა, დარიცხული ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, ხოლო თანამშრომლებს, რომლებიც დარიცხული ხელფასის სახით 1.000-დან 1.500 ლარამდე თანხას იღებენ, ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდებათ.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ვითხოვთ ხელფასების მომატებას: რუსთავის „აზოტის“ მუშებმა აქცია განაახლეს

თანამშრომლების ნაწილი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ პირობებში გარკვეულ შესწორებებს ითხოვს. ისინი ამ დრომდე კვლავ საწარმოს შესასვლელთან რჩებიან.

თავდაპირველად გაფიცულმა თანამშრომლებმა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს, თუმცა მოგვიანებით, საინიციატივო ჯგუფმა მსჯელობა დაიწყო თუ რამდენად მისაღები იქნებოდა მათთვის აღნიშნული შეთავაზება.

საწარმოს თანამშრომლები ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით აქციას რამდენიმე დღეა მართავენ. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. ხელფასების 20%-ით მომატებაზე მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც საუბრობდა.

კომპანიის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის არსებულ დავაში ჩაერთო ქალაქის მერია, რომელმაც შუამავლის როლი იკისრა.

სს „რუსთავის აზოტი“ სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. მისი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0