ბათუმის ბულვარი

ბათუმში ქუჩის ვაჭრობის ახალი წესები ამოქმედდა

47
(განახლებულია 23:31 30.04.2021)
ადგილის ქირის გარდა მოვაჭრე კისრულობს ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულებას და დასუფთავების საფასურის გადახდას.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ბათუმის მერიამ 1 მაისიდან ქალაქში ქუჩის ვაჭრობის ახალ წესები შემოიღო, ნათქვამია უწყების დადგენილებაში, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

ბათუმში ქუჩის ვაჭრობა ტურისტულ სეზონზე ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. დღემდე ვაჭრობა არ რეგულირდებოდა და ხშირად ვიწრო ტროტუარებზე გაშლილი დახლების გამო ქვეითებისთვის ადგილი არ რჩებოდა.

ახალი წესებით, ახლა ბათუმში ქუჩის მოვაჭრეებს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. თავად ქუჩის ვაჭრობა კონკრეტულ ადგილებში იქნება ნებადართული. ამასთან, კონკრეტულ ადგილებში ნებადართული იქნება მხოლოდ კონკრეტული საქონლით ვაჭრობა, ჩამონათვალს ქალაქის მერია განსაზღვრავს.

ვაჭრობის ნებართვის მისაღებად მსურველებმა უნდა შეიტანონ განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება მათი კონკრეტული მონაცემები, ვაჭრობის ადგილის ზუსტი დასახელება, ასევე მითითება, როგორი იქნება მათი დახლი და გასაყიდი საქონლის ჩამონათვალი.

ადგილის ქირის გარდა მოვაჭრე კისრულობს ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულებას და დასუფთავების საფასურის გადახდას.

ნებართვა გაიცემა სეზონზე ან უფრო ხანგრძლივი დროით, მაგრამ არა უმეტეს ორი წლის ვადით.

47
Pfizer-ის ვაქცინა

როდის აიცრებიან ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებულები: იმნაძის განმარტება

32
(განახლებულია 20:45 06.05.2021)
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ეს რეგულაცია გადაიხედოს და პერიოდი შემცირდეს.

ამ ეტაპზე უცნობია იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაავადდნენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით და Sinopharm-ით ხორციელდება. სამივე ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

32
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

35
(განახლებულია 20:28 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მასმედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მასმედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მასმედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

35
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
„ნამახვანიფესის“ შეჩერებული სამუშაოები

„ნამახვანიჰესის“ მედიაციის პროცესში საერთაშორისო შაუამავალი ჩაერთო

0
(განახლებულია 20:46 06.05.2021)
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი აპირებს, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოიძიოს გამოსავალი

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა, „ნამახვანჰესის“ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან იმუშაოს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე,  „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვებოდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სადისკუსიო პროცესში ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე მიიღებს მონაწილეობას.

„ბუშლე იქნება შუამავალი მხარეებს შორის და აღნიშნულ პროცესს წარმართავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებით ყველა დოკუმენტის, პროცედურების შეფასების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ბუშლე აღნიშნავს, მისი მიზანია, მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოიძიოს გამოსავალი.

„ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურების დაცვით მომზადებულ დოკუმენტაციას“, – აღნიშნავს დირკ ბუშლე.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების სამდივნოს არაერთხელ მიმართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ნამახვანის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების საკითხები აშფოთებდათ.

აღინიშნება, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის.

უკვე ნახევარი წელია, საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა. 

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. ამასთან მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

0
თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით