რუსთავის „აზოტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
მუშების განცხადებით, საპროტესტო აქცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ქარხნის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.


თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. რუსთავში მდებარე ქიმიური ქარხანა „აზოტის“ ხელმძღვანელობასთან მუშებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხზე 7-საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, იუწყება პირველი არხი. 

საწარმოს თანამშრომლები ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით აქციას მეოთხე დღეა მართავენ. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. ხელფასების 20%-ით მომატებაზე მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც საუბრობდა. 

გაფიცულ მუშებსა და საწარმოს ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების პროცესში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ჩაერთო. 

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ვითხოვთ ხელფასების მომატებას: რუსთავის „აზოტის“ მუშებმა აქცია განაახლეს

„იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მერამდენე დღეა პროტესტს გამოხატავენ, დავრჩები იქამდე, ვიდრე კომპრომისი არ მოიძებნება და გადაწყვეტილებამდე არ მივალთ. ახლა ჯერი მათზე, „აზოტის“ ხელმძღვანელობაზეა. მათ უნდა გადადგან ნაბიჯი და კონკრეტული შეთავაზება გახდეს ცნობილი. როგორც ამბობენ, ეს იქნება ხვალ“, – განაცხადა პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

აქციის მონაწილეებს საწარმოს ცენტრალური შესასვლელი ამ დრომდე ბლოკირებული აქვთ. მუშების განცხადებით, საპროტესტო აქცია იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ქარხნის ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. „რუსთავის აზოტმა“ თანამშრომელთა პროტესტის გამო გუშინ მუშაობა შეაჩერა – შეჩერებულია ძირითადი პროდუქციის ამონიუმის გვარჯილის და ნატრიუმის ციანიდის წარმოება.

დღეისათვის რუსთავის „აზოტში“ მხოლოდ ჟანგბადის საამქრო ფუნქციონირებს, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება ხდება. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა, ჟანგბადის საამქროც გააჩერონ.

ამ დროისთვის რუსთავის „აზოტის" 2000-მდე თანამშრომელია  გაფიცული.

„რუსთავის აზოტი“ სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. მისი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0