ტესტირება კორონავირუსზე

სკოლის პერსონალის კორონავირუსზე ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

45
(განახლებულია 17:15 29.04.2021)
ტესტირება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან ერთად ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ახორციელებს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ინტენსიური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სკოლებში კორონავირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით ინფიცირების შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. შედარებისათვის: წინა კვირაში ვირუსი სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების 0,2%-ს და მოსწავლეთა მხოლოდ 0,04%-ს გამოუვლინდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ტესტირების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

45
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (630)
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

9
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

9
ყურანი

მუსლიმ სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნი გადაეცათ

15
(განახლებულია 17:29 08.05.2021)
ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თავდაცვის ძალების მუსლიმ სამხედრო მოსამსახურეებს ყურანის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ყურანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიბეჭდა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.

სენაკში, დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებისთვის ყურანის გადაცემის ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე დაესწრნენ.

ყურანის გადაცემის შემდეგ მუფთმა სამხედრო მოსამსახურეები დალოცა, მოახლოებული რამადან ბაირამი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მინიატურული ყურანი საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია.

სამინისტროს ინიციატივით, თავდაცვის ძალების მართლმადიდებელ ქრისტიან სამხედრო მოსამსახურეებს გიორგობის დღესასწაულზე უკვე გადაეცათ მინიატურული წმინდა წიგნები „ახალი აღთქმა“. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის.

ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.

15
თემები:
საქართველოს თავდაცვა