საცხოვრებელი სახლი თბილისში

რამდენი იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელს 2021 წელს

77
საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარდა, მათ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში დაეხმარებიან

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. დაახლოებით 3 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი 2021 წელს ახალ საცხოვრებელს მიიღებს, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესები შეცვალა. განსახლების კრიტერიუმები კიდევ უფრო დაიხვეწა და მაქსიმალურად მოერგო იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს. ცვლილებების თანახმად, პირველი რიგის დევნილებს, რომელთაც უშუალოდ შეეხო დევნა, განსახლების პროცესის დროს მიენიჭებათ პრიორიტეტი და დამატებითი ქულები.

„ჩვენ გვაქვს მყარი მიზანი, დავხუროთ ყველა მესამე და მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილები განვასახლოთ უსაფრთხო პირობებში. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე სრულად დავხურეთ ნგრევადი ობიექტები სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, სამინისტრო აპირებს, დევნილებს დაეხმაროს სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. დასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 350 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

ბინების მიღების პროცესი

ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. თბილისში 37,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ბინებით, თუმცა ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა.

ბინისა თუ სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მათი მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროების გათვალისწინებით დევნილებს 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.

ამის შემდეგ კომისია უშუალოდ ადგილზე სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.

ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.

77
Pfizer-ის ვაქცინა

როდის აიცრებიან ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებულები: იმნაძის განმარტება

32
(განახლებულია 20:45 06.05.2021)
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ეს რეგულაცია გადაიხედოს და პერიოდი შემცირდეს.

ამ ეტაპზე უცნობია იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაავადდნენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით და Sinopharm-ით ხორციელდება. სამივე ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

32
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

35
(განახლებულია 20:28 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მასმედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მასმედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მასმედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

35
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
სპეცოპერაცია რიო-დე-ჟანეიროში

რიოს მეტროში სპეცოპერაციისას 25 კაცი დაიღუპა: ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 20:58 06.05.2021)
ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს მეტროში პოლიციასა და დამნაშავეებს შორის სროლისას 25 ადამიანი დაიღუპა, იუწყება პორტალი G1.

სროლა ქალაქის ჩრდილოეთ ზონაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საპოლიციო სპეცოპერაციის დროს მოხდა.

​არსებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცველია, დანარჩენები კი ნარკობიზნესში ეჭვმიტანილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ოფიცერს ტყვია თავში მოხვდა.

ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულებიც.

სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, აღნიშნული ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა