ჩინური ვაქცინა Sinovac-ის ტრანსპორტირება

საქართველო ჩინური ვაქცინის - Sinovac-ის პირველ პარტიას 29 აპრილს მიიღებს

49
(განახლებულია 00:16 29.04.2021)
საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის – Sinovac-ის პირველი პარტია, 100 ათასი დოზა 29 აპრილს ჩამოვა.

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. ჩინური ვაქცინა Sinovac-ის პირველი პარტია თბილისში 29 აპრილს ჩამოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

პირველ ეტაპზე საქართველო ვაქცინის 100 ათას დოზას მიიღებს.

„ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება. ამ ორი ვაქცინით (Sinopharm და Sinovac) ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ აცრილია 240 მილიონამდე ადამიანი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველომ აპრილის დასაწყისში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის  100 ათასი დოზა მიიღო. დამატებით 500 ათას დოზას ქვეყანა ივნის-ივლისში მიიღებს.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია - ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო მეთოდია. ამ ტექნოლოგიით შექმნილია, მაგალითად, დიფტერიის, В ჰეპატიტის, პოლიომიელითის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინები.

Sinopharm-ის პრეპარატით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება, რეგისტრაცია კი 27 აპრილიდან დაიწყო. პირველ რამდენიმე საათში ჩინური ვაქცინით აცრის შვიდი ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა. ამჟამად კი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ვაქცინაციის ადგილები უკვე სრულად შეივსო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის აცრა 41.801-მა ადამიანმა გაიკეთა, მათგან ორივე დოზა - 4.397-მა.

49
გიგა წულეისკირი

გიგა წულეისკირი: მევახშეებისგან დაზარალებული სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს

18
(განახლებულია 20:02 08.05.2021)
„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“  რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, განაცხადა „იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების“ თავმჯდომარე გიგა წულეისკირმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მევახშეებისგან ფული უძრავი ქონების გარანტიით ისესხეს, შემგეგ ვალი ვერ დააბრუნეს და საცხოვრებელი ბინების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

გიგა წულეისკირის თქმით, ბოლო დროს მათ  სულ უფრო მეტი დაზარალებული მიმართავს და ეს იმ თაღლითური სქემების ბრალია, რომელსაც მევახშეები ბოლო დროს იყენებენ.

„მევახშეებმა მიმართეს თაღლითურ სქემას, რაც იმაში გამოიხატება, რომ რეალურად ხდება ფული გასესხება, ხოლო იურიდიულად ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება“, - აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვალელის განმარტებით, რადგან თანხის გასესხება დაბეგვრას ექვმედებარება, ამიტომ მევახშეები ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას თითქოსდა გადასახადისთვის თავის არიდების მიზნით აფორმებენ, შედეგად მსესხებელები, რომლებიც დადგენილ ვადაში ჩადებული ქონების უკან გამოსყიდვას ვერ ახერხებენ, ნასესხებზე ორჯერ და სამჯერ მეტი ღირებულების სახლებს კარგავენ.

მოქალაქეებს აღარ რჩებათ რეალური ბერკეტი მევახშეებთან საბრძოლველად. კრედიტორები კი  ისაკუთრებენ მათ ქონებას და ამით სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, რადგან შეთანხმება ხდება ერთზე, ხოლო ფორმდება სულ სხვა დოკუმენტი, აღნიშნა წულეისკირმა.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება ამ საკითხების გამოძიება, რადგან სამწუხაროდ, პოლიცია მოსახლეობას სასამართლოში ამისამართებს, სასამართლო კი, პირიქით, პოლიციაში და ასე ინსტანციიდან ინსტანციაში სიარულში ადამიანები უძრავ ქონებას კარგავენ“, - აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

არასამთავრობო ორგანზიაციის ხელმძღვანელმა  მოუწოდა სამართალდამცველ უწყებებს, არ დატოვონ მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების საჩივრები უყურადღებოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი –  მოახდინონ ამ საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე.

„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს.

18
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

30
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

30
მოსკოვის აკადემიური სამხატვრო თეატრის დასი

თბილისში ევაკუირებული მოსკოვური თეატრი: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ომს გვავიწყებდა“

0
(განახლებულია 17:21 08.05.2021)
მეორე მსოფლიო ომის დროს თეატრი ადამიანებისთვის გასართობი კი არა, ერთგვარი თავდავიწყების საშუალება და ამასთან მალე გამარჯვების რწმენის, იმედის წყარო იყო

ალექსანდრა ობოლონკოვა

მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობებისთვის კი თბილისში ევაკუაციის წლები დაუვიწყარ მოგონებად იქცა. თეატრის „ოქროს შემადგენლობა“ საბჭოეთის სხვა გამოჩენილ ხელოვანებთან ერთად იყო ევაკუირებული საქართველოს დედაქალაქში. თეატრს მაშინ ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო ხელმძღვანელობდა. 

Владимир Немирович-Данченко
© photo: Sputnik / Miron Sherling
ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო

დასი თბილისში 1941 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩამოვიდა. ნემიროვიჩ-დანჩენკო ერთგვარ უხერხულობასაც კი განიცდიდა, როდესაც, მიუხედავად მატერიალური შეჭირვებისა, თავის მდივანს სწერდა, „რაოდენი სიმშვიდე და სიხარული სუფევდა“ თბილისში.

„იცით, ეს უმშვენიერესი ქალაქია, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება დიდებულია, განსაკუთრებით პირადად ჩემდამი - როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის მხრიდან. კარგად მოვთავსდით. ყველანი ვტკბებით კლიმატით, ქალაქით“, - წერდა ის. 

არტისტები უსაქმოდ არ მსხდარან. მცირე თეატრის მსახიობებთან ერთად საღამოებს მართავდნენ, რომლებზეც ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდებოდა.

თავად ნემიროვიჩ-დანჩენკომ, რომელიც წარმოშობით ოზურგეთიდან იყო და ტფილისში სწავლობდა, 7 დეკემბერს მოგონებების საღამო მოაწყო. ის იმ ტფილისური სახლის მოძებნასაც კი შეეცადა, რომელშიც ოდესღაც ცხოვრობდა, მაგრამ ვეღარ მიაგნო. სამაგიეროდ ეწვია რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პირველ გიმნაზიას, რომელიც ვერცხლის მედალზე დაამთავრა თავის დროზე.
მოგონებების საღამოზე დარბაზი ისე იყო გადაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. შემოსული თანხმა მთლიანად თავდაცვის ფონდში გადაირიცხა.

© photo: Sputnik
სცენა სპექტაკლიდან „აღდგომა“

საარქივო დოკუმენტების თანახმად, მოსკოვის აკადემიურმა სამხატვრო თეატრმა ევაკუაციის რამდენიმე თვის განმავლობაში 51 კონცერტი გამართა: 24 თბილისში, 5 - ერევანში, 7 - ბაქოში, 4 - სოჭში, 2 - გორში, 2 სტალინირში (მაშინდელი ცხინვალი), 2 - გაგრაში, 3 - კიროვაბადში (განჯა) და ორიც სოხუმში.

ცნობილი მსახიობი ვასილი კაჩალოვი ევაკუაციაში დამძიმებული გულით მოდიოდა – მისი 40 წლის ვაჟი ვადიმი, რომელსაც ჯავშანი ჰქონდა, მაინც მოხალისედ წავიდა ფრონტზე. თბილისში ცხოვრებისას ის სხვებთან ერთად გამოდიოდა არა მარტო სცენაზე, არამედ სამხედრო ნაწილებშიცა და ჰოსპიტლებშიც. ის სიმონოვის, ტიხონოვისა და სხვა პოეტების ლექსებს კითხულობდა ხოლმე.
ერთ დღეს თბილისელმა მაყურებელმა ის კარგა ხანს არ გაუშვა სცენიდან და არტისტიც გვიან ღამემდე კითხულობდა ლექსებს, მათ შორის, თავისი მეგობრის, სერგეი ესენინის შემოქმედებასაც, რომელსაც კაჩალოვის ძაღლისთვისაც კი მიეძღვნა გულის ამაჩუყებელი სტრიქონები: „Дай, Джим, на счастье лапу мне…“

© photo: Sputnik / Mikhail Ozerov
ვასილი კაჩალოვი

საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე იგონებდა, როგორ ბრუნდებოდნენ შინ შუაღამით სპექტაკლით აღფრთოვანებულები, როგორ გააჩერა პატრულმა, მაგრამ რაოდენ ბედნიერები იყვნენ, ვინაიდან „ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ ან არასდროს ხდება ცხოვრებაში“.
თავად კაჩალოვი კი 1942 წლის მარტში გაზეთ „ვეჩერნაია მოსკვაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა: „შეუძლებელია, თითოეულ ჩვენგანს არ აღელვებდეს ის მხურვალე მიღება, როგორითაც ყველგან გვხვდებიან, ამაღელვებელი მცდელობა, შეგვიქმნან თუნდაც მცირე კომფორტი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რაოდენ დიდია ადამიანების სიყვარული ხელოვნებისადმი“.

მაგრამ თეატრის უკვე ჭარმაგი მსახიობების ცხოვრება სტუმართმოყვარე ტფილისში არც ისე მარტივი იყო. მართალია, სულით არ ეცემოდნენ, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდათ.

66 წლის კაჩალოვი ჯერ კიდევ მანამდე, ნალჩიკში ყოფნისას დაავადდა მძიმედ, 70-ს გადაცილებული ოლგა კნიპერ-ჩეხოვა მთელი თვით ჩაწვა გრიპითა და ბრონქიტით, 83 წლის ნემიროვიჩ-დანჩენკო კი, რომელიც მზად იყო, თუნდაც უსასყიდლოდ ემუშავა რუსთაველის თეატრში, ასევე ერთი თვით ჩამოშორდა რეპეტიციებს ავადმყოფობის გამო. მცირე თეატრის მსახიობი, 61 წლის მიხაილ კლიმოვი კი გარდაიცვალა და თბილისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

„რით დავიმსახურეთ, რომ მილიონობით ჩვენი ძმა სიცოცხლეს წირავს ჩვენთვის, ჩვენი მშვიდი ცხოვრებისთვის, ჩვენი მუშაობისთვის? რით დავიმსახურეთ ეს როგორც არტისტებმა და როგორც ადამიანებმა?“, – წერდა ნემიროვიჩ-დანჩენკო ერთ-ერთ წერილში, რომელიც საკუთარი თეატრის მსახიობებს მიუძღვნა.

ეს მისი ერთ-ერთი ბოლო წერილი იყო თბილისიდან – მალე აკადემიური თეატრის დასი ისევ მოსკოვში დააბრუნეს, სადაც რეჟისორი 1943 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა კიდეც.

კოტე მახარაძე მოგვიანებით, იხსენებდა რა ტფილისურ კონცერტებს, ლექციებსა და შეხვედრებს, წერდა: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ზოგჯერ გვავიწყდებოდა კიდეც, რომ მტერი ქალაქიდან ორასიოდე კილომეტრში იყო“.

მსახიობის თქმით, ამას არაფერი ჰქონდა საერთო ჭირის დროს ნადიმთან, ეს იყო გამოვლინება იმ რწმენისა, რომ მალე ომი გამარჯვებით დასრულდებოდა.

0
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021