პარლამენტი

„ყველას გიმახსოვრებთ!“ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ

43
(განახლებულია 17:48 27.04.2021)
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების წინააღმდეგი არიან, ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება აქციით გააპროტესტეს.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც ბოიკოტი შეწყვიტეს და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციით დახვდნენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად შექმნილი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დღეს პირველად მივიდნენ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასასწრებად. სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების წინააღმდეგი არიან, ოპოზიციონერი დეპუტატების აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტთან აქციით გააპროტესტეს.

„რატომ დაგვტოვეთ?“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“, – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ დეპუტატებს. 

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეკრებილთ განუმარტა, რომ სულ მალე ის ადამიანები, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს, საპატიმროს დატოვებენ, როგორც ამას ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 27 აპრილს გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელს მოაწერს. რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას, მან ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმების დოკუმენტს, მოუწოდა „მონაწილეობა არ მიიღონ ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რომელსაც ამნისტია ჰქვია“ და ამ შემთხვევაში იგი დათანხმდება, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო მის ნაცვლად ევროკავშირმა გადაიხადოს.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს დოკუმენტის ხელმოწერაზე და ბოიკოტის რეჟიმში რჩება იმ დრომდე, ვიდრე ნიკა მელია და გიორგი რურუა არ დატოვებენ საპატიმროს.

43
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (392)
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

13
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

13
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეკუნა ყანჩაველი

რუსთაველი გოგოს ამერიკული ცხოვრება და უცხოელი შეყვარებული - როგორ ცხოვრობს ეკუნა ყანჩაველი

32
(განახლებულია 21:27 05.05.2021)
სოციალურ ქსელში ცნობილი მომღერალი და რეპერი ეკუნა ყანჩაველი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობიდან საინტერესო დეტალებს გამომწერებს უზიარებს.

სოციალურ ქსელში ცნობილი მომღერალი და რეპერი ეკუნა ყანჩაველი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობიდან საინტერესო დეტალებს „ფოლოუერებს“ უზიარებს. რუსთავიდან დაწყებული სახალისო ვიდეოებითა და პატარ-პატარა სკეტჩებით ეკუნამ ქართველ საზოგადოებას თავი გააცნო, შეაყვარა და პოპულარულიც მალევე გახდა.

ეკუნა ამერიკაში მოხვედრაზე ოცნებობდა, ვიზის აღებას დიდხანს ელოდა, ერთ-ერთ ზაფხულს კი ცხოვრების რამდენიმეწლიანი უფლება მიიღო, ოცნება აიხდინა და ამერიკაში წავიდა. გოგონა კარგად მღერის, რეპიც შესანიშნავად გამოსდის და მისი კლიპები „იუთუბზეც“ იძებნება.

უკვე თვეებია ეკუნა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და სტილისა და ვიზუალის საოცარი ცვლილება განიცადა. ეკუნამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას თავისი შეყვარებული გააცნო, თუმცა ბიჭის სახელი და გვარი კვლავ ინკოგნიტოდ დატოვა. ყანჩაველი და მისი მეორე ნახევარი ერთ წელზე მეტია ერთად არიან.

როგორც კომენტარებში წერენ, ეკუნას შეყვარებული წარმოშობით არაბია, თუმცა მომღერალი ბიჭის ვინაობასა და წარმოშობაზე ჯერ არ საუბრობს.

„მგონი ძაან გაგიბანძდა კონტენტიც და ყველაფერი“, - უწერენ ეკუნას კომენტარებში, რაზეც გოგონა პასუხობს, რომ დიდ პროექტზე მუშაობს და მალე მუსიკაში დაბრუნებას აპირებს.

ფაქტია, ეკუნა სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია და თავისი საინტერესო ცხოვრების დეტალებს თითქმის ყოველდღიურად აზიარებს. „ინსტაგრამიდან“ ჩანს, რომ მომღერალი ჯერ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

32
თემები:
ქართველი სელებრითები
რუსუდან კერვალიშვილი

კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა

0
(განახლებულია 17:02 06.05.2021)
ყოფილი დეპუტატი, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი იხსენებს საპატიმროში დასთან, მაია რჩეულიშვილთან შეხვედრის მომენტს.
კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა
„საპატიმროში შესვლა ჩემთვის განსაკუთრებული განცდა იყო -  ჩვენი ოთახის კუთხეში იჯდა მაია. როდესაც კარები დაიხურა, მომეცა საშუალება, მასთან მივსულიყავი. ამას ვნატრობდი მთელი 9 თვის განმავლობაში. მაიას წინაშე დანაშულის შეგრძნება მქონდა, რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებდით საქმეს. პირველი შეგრძნება მქონდა ასეთი - „მაია, მე მოვედი, ჩვენ ერთად ვართ“. მაია დაფეთებული დამხვდა, მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი დაკავება“, -ამბობს კერვალიშვილი.

დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს  2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის  4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.

კერვალიშვილმა ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

0