თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი

„ვერ დავაღწიე თავი ჟანგბადის აპარატებს, არასდროს გადადოთ ზეიმი...“ თინა ხიდაშელი

289
(განახლებულია 15:58 27.04.2021)
თავდაცვის ყოფილი მინისტრი კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ კლინიკაში მოხვდა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში და ადამიანებს, რომლებსაც დროულად ვერ პასუხობს, საჯარო ბოდიშს უხდის.

თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პოლიტიკოსი წერს, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას.

„არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა „იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც უკანასკნელი”. არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა“, – წერს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელს კორონავირუსი 15 თებერვალს დაუდასტურდა. ექიმები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის თუ არა გადატანილი ინფექციის შედეგი.

289
თემები:
ქართველი სელებრითები (285)
გიგა წულეისკირი

გიგა წულეისკირი: მევახშეებისგან დაზარალებული სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს

18
(განახლებულია 20:02 08.05.2021)
„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“  რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, განაცხადა „იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანების“ თავმჯდომარე გიგა წულეისკირმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მევახშეებისგან ფული უძრავი ქონების გარანტიით ისესხეს, შემგეგ ვალი ვერ დააბრუნეს და საცხოვრებელი ბინების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

გიგა წულეისკირის თქმით, ბოლო დროს მათ  სულ უფრო მეტი დაზარალებული მიმართავს და ეს იმ თაღლითური სქემების ბრალია, რომელსაც მევახშეები ბოლო დროს იყენებენ.

„მევახშეებმა მიმართეს თაღლითურ სქემას, რაც იმაში გამოიხატება, რომ რეალურად ხდება ფული გასესხება, ხოლო იურიდიულად ფორმდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება“, - აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვალელის განმარტებით, რადგან თანხის გასესხება დაბეგვრას ექვმედებარება, ამიტომ მევახშეები ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას თითქოსდა გადასახადისთვის თავის არიდების მიზნით აფორმებენ, შედეგად მსესხებელები, რომლებიც დადგენილ ვადაში ჩადებული ქონების უკან გამოსყიდვას ვერ ახერხებენ, ნასესხებზე ორჯერ და სამჯერ მეტი ღირებულების სახლებს კარგავენ.

მოქალაქეებს აღარ რჩებათ რეალური ბერკეტი მევახშეებთან საბრძოლველად. კრედიტორები კი  ისაკუთრებენ მათ ქონებას და ამით სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, რადგან შეთანხმება ხდება ერთზე, ხოლო ფორმდება სულ სხვა დოკუმენტი, აღნიშნა წულეისკირმა.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდება ამ საკითხების გამოძიება, რადგან სამწუხაროდ, პოლიცია მოსახლეობას სასამართლოში ამისამართებს, სასამართლო კი, პირიქით, პოლიციაში და ასე ინსტანციიდან ინსტანციაში სიარულში ადამიანები უძრავ ქონებას კარგავენ“, - აღნიშნა გიგა წულეისკირმა.

არასამთავრობო ორგანზიაციის ხელმძღვანელმა  მოუწოდა სამართალდამცველ უწყებებს, არ დატოვონ მევახშეებისგან დაზარალებული ადამიანების საჩივრები უყურადღებოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი –  მოახდინონ ამ საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო დონეზე.

„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს.

18
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

29
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

29