„ვაქცინაცია გვაახლოებს" – საქართველო იმუნიზაციის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

© photo: Sputnikვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საქართველო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში იმუნიზაციის ევროპული კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის სლოგანია „ვაქცინაცია გვაახლოებს".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წელს მე-16 იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს, რომელიც 26 აპრილიდან 2 მაისამდე პერიოდში ჩატარდება. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაში 2007 წლიდან მონაწილეობს. იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში საქართველო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
რამდენ ხანს მუშაობს ვაქცინა და როგორ ჩატარდება განმეორებით ვაქცინაცია – იმნაძის განმარტება

2021 წელს იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აქცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც გაკეთდა. თბილისში ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის უწყებების, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები და ჟურნალისტები.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეისათვის ყველაზე მთავარი გამოწვევა მასობრივი ვაქცინაციაა. „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პანდემიის დასრულება მასობრივ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, 4 მაისიდან კი მათ ჩინური პრეპარატი Sinopharm-ი დაემატება.

„ვაქცინების მარაგი ქვეყანაში ეტაპობრივად შეივსება და ვაქცინა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 38.553-მა ადამიანმა ჩაიტარა – Pfizer-ის ვაქცინით 13.756-მა, AstraZeneca-თი კი 21.910-მა ადამიანმა. Pfizer-ის ვაქცინის ორი სრული დოზა 2.887-მა ადამიანმა მიიღო. რაც შეეხება ჩინურ Sinopharm-ს, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის მსურველები სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებას 27 აპრილიდან შეძლებენ.

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. როდის დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0