საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები საპროტეტსტო აქციების ახალ ტალღას აანონსებენ

59
(განახლებულია 18:29 24.04.2021)
მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ფართომასშტაბიანი აქციები მთავრობის დღევანდელი  გადაწყვეტილებების შემმდეგ დაგეგმეს, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას არ ითვალისწინებს.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტეტსო აქციებს ჯერ  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ხოლო შემდეგ კი დედაქალაქში გეგმავენ, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

„რეგიონებში აქციები დღეს იგეგმება 16:00 საათისთვის, ხოლო თბილისში კი ფართომასშტაბიანი აქცია 23 მაისს ჩატარდება“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ მიერ წამოყენებული პირობებიდან მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილა. ამ პირობების შესრულების შემდეგ კი აქციის მონაწილეებსა და მთავრობას შორის შინაარსობრივი დიალოგი უნდა დაწყებულიყო.

სავარაუდოდ, „რიონის ხეობის მცველების“ უკმაყოფილება გამოიწვია გადაწყვეტილების იმ პუნქტმა, რომლის მიხედვითაც „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები კი სამშენებლო კომპანია „ენკას“ მიერ ყველა სახის სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდნენ. ბოლო დროს პროტესტის ზეწოლის შედეგად კაშხლის სამშენებლო სამუშაოები შეწყვეტილი იყო და მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები.

„ნამდვილად არ გვსიამოვნებს ფართომასშტაბიანი აქციების გზა. გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გადაგვეწყვიტა ეს საკითხები, თუმცაღა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ვექტორი სხვაგან წავიდეს, რომ საკითხებში შინაარსობრივად არ შევიდეთ... ახლა დღევანდელი განცხადებაც ამის მკაფიო მაგალითია. ამიტომ მოგვიწევს უკვე, რომ მთელმა ერმა და საზოგადოებამ გადავწყვიტოთ ჩვენი სიმრავლით და ერთობით ეს პრობლემა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის მირზა ნოზაძის აზრით, მთავრობის განცხადებაში, რომელიც თითქოს შერბილებულ პოზიციას გამოხატავს, იკითხება, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება.

„ჩვენ აუცილებლად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და აუცილებლად ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან იმ კითხვებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენ“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს „პოლიციასთან კოორდინაციით,პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“. „ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება „ნამახვანჰესის კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების ძირითად მოთხოვნებს, ისინი უცვლელია: თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, გაუქმდეს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება უცხოელი ინვესტორისთვის რიონის ხეობის მიწების გადაცემის შესახებ.

პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია ENKA-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. თითოეული კაშხლის ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

59
Pfizer-ის ვაქცინა

როდის აიცრებიან ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებულები: იმნაძის განმარტება

27
(განახლებულია 17:51 06.05.2021)
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ამასთან იმნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ეს რეგულაცია გადაიხედოს და პერიოდი შემცირდეს.

იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაავადდნენ, უცნობია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინით - AstraZeneca-თი, Pfizer-ით და Sinopharm-ით ხორციელდება. სამივე ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

27
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

31
(განახლებულია 20:28 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მასმედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მასმედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მასმედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

31
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი პაციენტი

დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა

0
(განახლებულია 19:59 06.05.2021)
მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მელოტი მამაკაცები 2,5−ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19−ის მძიმე ფორმით, ვიდრე ხშირი თმების მქონეები, იუწყება Daily Mail-ი ევროპის დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური საზოგადოების (EADV) პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამას გენების ის ვარიაცია უწყობს ხელს, რომელიც მამაკაცის გამელოტების რისკებს ზრდის.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გენ AR−ში CAG-გამეორებების რაოდენობა, რომლებიც მამაკაცის სიმელოტისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ რამდენად ხშირად შეიძლება განუვითარდეს მის მფლობელს COVID-19−ის მძიმე ფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ბიომარკერი შეგვიძლია ვირუსის იმ მტარებლების საიდენტიფიკაციოდ გამოვიყენოთ, რომლებისთვისაც რეანიმაციაში მოხვედრის რისკი მაქსიმალური იქნება“, — განაცხადა მარკონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ენდი გორენმა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა უჰანში კორონავირუს SARS-CoV-2−ის აფეთქების პირველივე დღეებიდან  გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ახალი ტიპის ვირუსით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, ვიდრე ქალები.

თავდაპირველად ბიოლოგებმა ეს ფაქტი იმას მიაწერეს, რომ მამაკაცის ფილტვების უჯრედები რეცეპტორ ACE2−ის უფრო მეტ მოლეკულას შეიცავს, რომლებსაც იყენებს კიდეც ვირუსი ინფიცირებისთვის. შემდგომში მეცნიერების მოსაზრება ამ საკითხზე გაიყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ მამაკაცები ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან COVID−19−ით.

პროფესორმა გორენმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ COVID−19−ის მძიმე ფორმით რეანიმაციებში მოხვედრილი მამაკაცების 80% მელოტი იყო.

ბიოლოგების აზრით, ინფექციის ეს თავისებურება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო კორონავირუსული ინფექციისადმი უფრო მოწყვლადი პაციენტების გამოსავლენად, არამედ თავად ვირუსთან ბრძოლისთვისაც —  გენ AR−ის აქტიურობის დამთრგუნველი პრეპარატების დახმარებით.

პროფესორი გორენი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების პირველი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება