თბილისის წიგნის დღეები

„აჩუქე წიგნი“ საქართველოში ახალი კამპანია დაიწყო

55
(განახლებულია 19:33 23.04.2021)
იუნესკომ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 1995 წელს დააწესა. წელს თბილისი „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსს ერთი წლის ვადით მიიღებს.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში წიგნის დღესთან დაკავშირებით დაიწყო კამპანია „აჩუქე წიგნი“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსახლეობას წიგნის დღე მიულოცა და საზოგადოებას წიგნის პოპულარიზაციის მიზნით აღნიშნულ კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში, თითქმის 20 წელია, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. საქართველოში ეს დღე წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა, რაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის შესანიშნავი ინიციატივაა. წიგნი ხომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც კი შეგვიძლია ერთმანეთს ვუსახსოვროთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.

იუნესკომ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე 1995 წელს დააწესა. იგი პირველად 1996 წლის 23 აპრილს აღნიშნეს.

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს თბილისმა „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტატუსი მიიღო ერთი წლის ვადით. აღნიშნულ სტატუსს თბილისის მერი კახა კალაძე კუალა-ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადაიბარებს.

UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.

55
თემები:
თბილისი დღეს (2076)
ექიმები

კომპენსაცია გმირ ექიმებს - პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს

98
პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს ასზე მეტი ექიმი შეეწირა, პაციენტების გადარჩენისას მედპერსონალის 33%-მა გადაიტანა COVID-19 - მათი თავდადებული შრომა უნდა დაფასდეს

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო განაკვეთების და გაცემის პირობების განმსაზღვრელ კანონპროექტზე პარლამენტში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის მოძრაობას „სამართლიანი მედიცინა“.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის დროს მედპერსონალს საკმაოდ მაღალი რისკის ზონაში უწევს მუშაობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება ნამდვილად სამართლიანი იქნება.

„ამდაგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ მივიღეთ მაშველებთან, მეხანძრეებთან, პოლიციელებთან მიმართებაში. როგორც ინფორმაცია მაქვს, საგანგებო სამსახურის მიერ ასეთი ფაქტების დროს კომპენსაციები გაიცა, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე, ასეთი ჩარჩო არ არსებობს, როგოც სხვა შემთხვევებში და ლოგიკა არის იმაში, რომ მედპერსონალთან დაკავშირებითაც მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადება კარგია, მაგრამ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მის საკანონმდებლო გაფორმებაზე იმუშავებს. ხუნდაძის თქმით, ამ პროცესში ჩაერთვება ყველა კომპეტენტური უწყება - ჯანდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები.

დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტზე მუშაობაში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდა.

„ეს არის ზეპარტიული და აპოლიტიკური თემა, ამიტომ ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ სწორი, სამართლიანი და, მე ფიქრობ, აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსის გამო ასზე მეტი ექიმი გარდაიცვალა, ხოლო 33% დაინფიცირდა.

98
ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ჯანდაცვა: საქართველოში ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა" შტამი აქვს

47
(განახლებულია 17:11 26.07.2021)
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. იზრდება „დელტა" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების 50%-ს „ინდური შტამი" გამოუვლინდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ „დელტა" შტამი დაახლოებით, 20%-ში ცირკულირებდა, ახლა ეს მაჩვენებელი იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-ს აღწევს. ევროპის ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა" შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც მსგავსია", - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, რაც უფრო წარმატებული იქნება ვაქცინაციის პროგრამა, მით უფრო გააქტიურდებიან ანტივაქსერები. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ანტივაქსერული კამპანია ასე აქტუალურია, რომელსაც ჯანდაცვის უწყება სწორი ინფორმაციული პოლიტიკის დახმარებით ებრძვის.

დღეისთვის საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის 6 ათასი საწოლია მობილიზებული, მათგან 5,2 ათასი დაკავებულია. ჯანდაცვის უწყება მინიმუმ 1,5 ათასი საწოლის დამატებას გეგმავს.

საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. "დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით.

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური" შტამი „ბრიტანულს" მთლიანად ჩაანაცვლებს.

47
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
კვლევები საწურბლიაში

საწურბლიას მღვიმის ნიადაგში ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენი იპოვეს

0
Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას აღწერს.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საწურბლიას მღვიმის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) ნიადაგში აღმოჩენილია ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევებს ეყრდნობა. სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი.

კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მასალის ანალიზების შედეგებს, რომელიც  წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო ექსპედიციის მიერ არის მოპოვებული. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა.

Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის არ არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში.

შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა აღნიშნული მასალა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

კვლევამ გამოავლინა გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების shotgun მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას.

აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინადაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.

 

0