საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის განხილვა გადადო

42
(განახლებულია 23:16 22.04.2021)
ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის განხილვის გადადება ერთ-ერთი მოსარჩელის თამარ კორძაიას შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის შესახებ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ზურაბ  ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელის განხილვა გადადო.

საქმის განხილვა კორძაიას განცხადების საფუძველზე გადაიდო.

„რამდენადაც ეს არის პირველი შუამდგომლობა ქალბატონ თამარ კორძაიას მიერ სხდომის გადადების თაობაზე, იგი დაკმაყოფილდება და პროცესი სამივე მოსარჩელის მიმართ ჩატარდება მაისის თვეში“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ. 

დეპუტატები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის თანახმად, პირადი განცხადებით მიმართვის მიუხედავად, მათ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე უარი ეთქვათ. 

მათი აზრით, კონსტიტუციის ტექსტში ზუსტად განსაზღვრულია სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიზეზები და ნებისმიერი სხვა აქტი მას ეწინააღმდეგება. კერძოდ, მათი მტკიცებით, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ დეპუტატს სუბიექტური ან ობიექტური მიზეზებით უფლება აქვს დატოვოს პარლამენტი, რათა ხელი არ შეუშალოს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პარლამენტში უმრავლესობითაა წარმოდგენილი, 2 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება – არ დაეკმაყოფილებინა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

როგორც მაშინ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამით მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს „დაფიქრების“ და ამომრჩევლის დაკვეთის შესრულების შანსი მისცა.

ოპოზიციამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. თუმცა, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის ჯაფარიძემ, ხელი მოაწერა კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა. ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო საქმიანობას 27 აპრილიდან შეუდგება. 

42
ჩინური ვაქცინა Sinopharm

გამყრელიძე: ჯანმოს ავტორიზაციით Sinopharm-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დამტკიცდა

50
(განახლებულია 22:37 07.05.2021)
Sinopharm-ის ვაქცინა COVAX-ის წევრ ქვეყნებს, სადაც საქართველოც შედის, ისევე მიეწოდება, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც COVAX–პლატფორმაზე იქნება განთავსებული.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მტკიცდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ამავე დროს ჯანმო 60 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებს ამ ვაქცინის გამოყენებას არ ურჩევს, რადგან ჯერჯერობით ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. 

გამყრელიძის განცხადებით, Sinopharm-ის ვაქცინა უფრო და უფრო მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

„Sinopharm-ი არის მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. დიდი ხანია ჩინეთს წარდგენილი ჰქონდა Sinopharm-ი, ისევე, როგორც Sinovac-ი აქვს წარდგენილი ავტორიზაციაზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, Sinopharm-ი გამოიყენება მსოფლიოს 45-მდე ქვეყანაში და აქვს ამ ქვეყნების ავტორიზაცია.

„ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება. ამავდროულად ის ხელმისაწვდომი ხდება მეტი ქვეყნისთვის, რადგან ნდობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისადმი არის ისეთივე მაღალი, როგორიც გახლავთ ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმართ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, რადგან Sinopharm-მა უკვე მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია, დიდი ალბათობით, ის განთავსდება COVAX–პლატფორმაზე.

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით. აღნიშნული პრეპარატის 100 ათასი დოზა ქვეყანამ აპრილში მიიღო. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი ჩინური ვაქცინის დამატებით 600 ათასი დოზა, საიდანაც 250 ათასი – ივნისში.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

ამ დროისათვის აცრილია 55 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო მეორე დოზა 9 ათასმა ადამიანმა მიიღო.

50
წვეთოვანი საოპერაციოში

თბილისში ახალნამშობიარები ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა: ექიმის განმარტება

80
(განახლებულია 22:29 07.05.2021)
კოვიდ-ინფიცირებულ ორსულს მედიკოსებმა სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, თუმცა ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში კორონავირუსით ახალნამშობიარები 34 წლის ქალი და მისი რამდენიმე დღის დაბადებული შვილი გარდაიცვალნენ, იუწყება „პირველი არხი“.

ორსული ქალი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში 19 აპრილს შეიყვანეს.

როგორც  კლინიკის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე განმარტავს, ვირუსი ახალგაზრდა ქალს 13 აპრილს ჰქონდა დადასტურებული და მან კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

„პაციენტი მდგომარეობის გართულების შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ნაყოფზე დაკვირვების შემდეგ, 24 აპრილს საკეისრო კვეთის გაკეთება გახდა საჭირო, თუმცა ახალშობილი დაიღუპა. ქალი კი 6 მაისს, ნაშუადღევს გარდაიცვალა“, – განაცხადა ვაჩაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.547-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 319.266-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 4.245 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 18).

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

80
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

0
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

0