ავტობუსის გაჩერება

საქართველოში „კომენდანტის საათი“ აღდგომის დღეებში არ გაუქმდება

133
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად აარიდოს თავი ახალი შეზღუდვების დაწესებას, თუმცა უკვე მოქმედ წესებს მკაცრად გააკონტროლებს

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს, აღდგომის დღეებში არ გაუქმდება, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მთავრობა ჯერ არ გეგმავს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აღდგომის დღესასწაულზე.

„სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღეა. ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, დამატებითი  შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან აღნიშნა ასევე, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების პარალელურად იმატებს დატვირთვა საავადმყოფო სექტორზე და ბოლო მონაცემებით კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი 4,4 ათასი საწოლიდან 3,6 ათასი უკვე დაკავებულია.

რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციას, ის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მესამე-მეოთხე კვარტალში დაიწყება, აღნიშნა გაბუნიამ და პოზიტიური ფაქტი უწოდა იმას, რომ მოქალაქეები აქტიურობენ ვაქცინაციის პორტალზე და აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას იმის თაობაზე, რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მთავარი მიზანიცაა აცრის მსურველთა რაოდენობის გამოვლენა. ბოლო მონაცემებით, პორტალზე 48,4 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. ციფრები ყოველდღიურად ახლდება, რადგან რეგისტრაცია გრძელდება.

ამ პორტალის დახმარებით, მოქალაქეებს შეუძლიათ წინასწარ დარეგისტრირება და სასურველი ვაქცინის არჩევა.

საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომლებიც ჯანდაცვის სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ, Pfizer-ის ვაქცინას ირჩევს.

ამ მომენტისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა სხვა მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას. ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიცრნენ ექიმები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. შემდეგ მათ დაემატნენ 65 წელს გადაცილებული, მალევე 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ასევე დიალიზზე დამოკიდებული და ორგანოგადანერგილი პირები. საქართველომ მიიღო ჩინური Sinopharm-ის 100 ათასამდე დოზა, თუმცა ამ პრეპარატით ქვეყანაში აცრები ჯერ არ დაწყებულა. რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინაზე 27 აპრილიდან დაიწყება, ხოლო აცრის ჩატარებას მოქალაქეები 4 მაისიდან შეძლებენ.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 31.911 ადამიანი აიცრა.

133
ნინოწმინდის პანსიონი

დაიხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი - რა გადაწყდა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე

30
(განახლებულია 20:13 13.06.2021)
ნინოწმინდის პანსიონში ამ ეტაპზე 23 ბავშვი რჩება, მათთან სოციალური მუშაკები მუშაობენ, პარალელურად მიმდინარეობს ამ ბავშვებისთვის ოჯახების მოძიებაც.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებაზე დღეს საქართველოს საპატრიარქოში იმსჯელეს, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც გასულ კვირაში ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საპატრიარქოს მიერ ინიცირებულ შეხვედრას სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან  ერთად ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

„ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, დაიხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ პანსიონის დახურვაზე კი არ არის საუბარი, არამედ დაწესებულების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

„ამ ეტაპზე 23 ბავშვია ნინოწმინდაში, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, მაგრამ ასევე არიან ალტერნატიული ზრუნვის სერვისებშიც. ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს. გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, შემდგომი მუშაობა იქნება მიმართული ბავშვების ოჯახში დაბრუნების და ინტეგრაციის წახალისებაზე.

„შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება დიდი ინსტიტუცია იყოს წახალისებული. შესაბამისად, ჩვენ ერთად ასეთივე ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათი საუკეთესო ინტერესის გამოვლენა, მათი ოჯახში დაბრუნება და ინტეგრაცია იყოს წახალისებული, მათ შორის ნინოწმინდაშიც“, - განაცხადა ბარკალაიამ.

გუშინ კი პროკურატურამ ბრალი წაუდგინა მამაკაცს, რომელიც თავის დისშვილს, ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელს, შსს-ში არაადამიანური მოპყრობის საქმის ფარგლებში გამოკითხვის შემდეგ მოკვლით ემუქრებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.

ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ პანსიონიდან 25 არასრულწლოვანი, მათ შორის შშმ პირები გაიყვანა.

30
პოლიცია იცავს ჰესის სამშენებლო მოედანს

პროტესტი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ: მედიატორმა შემაჯამებელი დოკუმენტი შეადგინა

22
(განახლებულია 17:02 13.06.2021)
ერთ-ერთ პირობაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ „რიონის ხეობის მცველებმა“ შემდგომი პროტესტი სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე უნდა გააგრძელონ.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ, რომელიც შეხვედრის მედიატორი იყო, მოლაპარაკების მხარეებს შემაჯამებელი დოკუმენტი გაუგზავნა.

დოკუმენტის ნათარგმნი ვერსია ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.

შეხვედრა, რომელსაც მედიატორების გარდა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები და გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნატახტარში გუშინ ცხრა საათს გაგრძელდა.

პროექტთან დაკავშირებით:

–  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაასაჯაროებს ინსპექტირების ანგარიშს მშენებლობის ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით (2 კვირა);

–  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაატარებს მოკვლევას გარემოსდაცვით ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით და გაასაჯაროებს (ორი კვირა );

–  ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);

– მწვანე ალტერნატივა მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს კონტრაქტის კომერციული პირობების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);

სიტუაცია რიონის ხეობაში:

– რიონის მცველები გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე;

– პროკურორი განიხილავს და გამოაქვეყნებს დასკვნას დაკავების შემთხვევებზე;

–  პოლიცია აიღებს არსებულ ბარიერს და უზრუნველყოფს მთავარ გზაზე დაშვებას (პარასკევს);

–  პოლიცია ორგანიზებას გაუწევს და თან გაჰყვება რიონის ხეობის მცველებს სამშენებლო მოედანის მონახულებისას და დაუშვებს დოკუმენტაციას (პარასკევს);

ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკა:

– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და დაუგზავნის ყველას საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის თავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, (ივლისი).

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

 

22
ავბტობუსი თბილისის ქუჩაში

თბილისის ავტობუსების განრიგში ცვლილება მოხდა

0
50 ავტობუსი „თბილისის ზღვის პლაზას“ და ბარათაშვილის ქუჩას შორის ყოველდღიურად დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 14 ივნისიდან  N50 ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით ივლის, იუწყება დედაქალაქის მერია.

50 ავტობუსი „თბილისის ზღვის პლაზას“ და ბარათაშვილის ქუჩას შორის ყოველდღიურად დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობს.

ორშაბათიდან ავტობუსი ვაზისუბნიდან ჯერ შანდორ პეტეფის ქუჩაზე გადაადგილდება, შემდეგ მეტროს სადგურ „ვარკეთილს“  გაივლის და ჯავახეთის ქუჩის გავლით გააგრძელებს სვლას  ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

უკან კი 50 ნომერი ავტობუსი ძველი მარშრუტით დაბრუნდება და ვარკეთილის მეტროს და შანდორ პეტეფის ქუჩას უკვე აღარ გაივლის.

0