გამყრელიძე: კორონავირუსის მესამე ტალღას აპრილის ბოლოსთვის ველოდებით

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ქართველი სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის. ისინი მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და კოვიდ–რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება, 97%–დან 94%–მდე შემცირდა გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. თუმცა, როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, მესამე ტალღის მოსალოდნელი პიკი ისეთი არ იქნება, როგორც ნოემბერ–დეკემბერში.

„ვფიქრობ, რომ მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე პიკი ისეთი დრამატული არ იქნება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერ–დეკემბერში იყო. პირველი – მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ინფექცია უკვე გადაიტანა, ეს დაახლოებით 600–650 ათასი ადამიანია. დღეისთვის ოფიციალურად თითქმის 299 ათასი ინფიცირებული გვყავს დარეგისტრირებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ რაოდენობა ორჯერ მეტია, რადგანაც ბევრმა ვირუსი უსიმპტომოდ ან მინიმალური სიმპტომებით გადაიტანა. გარდა ამისა, მოსახლეობის მცირე ნაწილი ვაქცინირებულია. თუმცა, მათი რაოდენობა საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საკმარისი არაა“, – განაცხადა გამყრელიძემ. 
COVID-19-ის საწინააღდეგო ვაქცინები - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში – სტატისტიკა

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც აპრილის ბოლოს პიკი ისეთი ძლიერი არ უნდა იყოს, თბილი სეზონია. როგორც გამყრელიძემ განმარტა, ნოემბერ–დეკემბერში ცივი ამინდი იყო, რაც რესპირატორული დაავადებების გავრცელებისთვის კომფორტული პერიოდია.

„დამტკიცებულია, რომ მზის სხივის პირდაპირი მოქმედება ვირუსზე დამთრგუნველია. ასე რომ, შეიძლება მესამე ტალღის პიკი შედარებით რბილი და ისეთი დამანგრეველი არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.310-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 299.038-ს მიაღწია.

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 31.911-მა ადამიანმა გაიკეთა, აქედან 18.455 AstraZeneca-ს, 13.546 კი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა.

წინასწარი რეგისტრაციისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე ამჟამად ვაქცინაციის მსურველი 23.332 ადამიანია რეგისტრირებული, AstraZeneca-ზე 11.371 ადამიანი, Pfizer-ზე კი – 11.961.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0