დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიატორი ვიქნებით

© Sputnik / STRINGERაქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, გუშინ აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს, დღეს სამართალდამცველებმა მომიტინგეებს გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ საკითხზე ხელისუფლებასა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს, იმუშავებს ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღეს საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა.  საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, საქართველოს საპატრიარქო პირველად არ ერევა აღნიშნულ საკითხში.

„ის დიალოგები, რომლებიც აქამდე შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენი ჩარევის შედეგად მოხდა. ისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საპატრიარქო რატომ არ ერევა, სინამდვილეში, ვმუშაობთ ორივე მხარესთან იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
საპროტესტო აქცია ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
თურნავა: ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიცია გვერდზე გადავდოთ

ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ კონტრაქტის პირობები უფრო დაწვრილებით უნდა იყოს განხილული და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიწოდოს.

„ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობისაკენ მოვუწოდოთ, კეთილგონიერება გამოიჩინონ ყველამ და დიალოგის სივრცე შექმნან. ჩვენ ვერ ვაფასებთ რეალურად ვერც ეკონომიკურ მხარეს, ვერც კონტრაქტის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ამიტომ ვიქნებით, როგორც მედიატორი ამ პროცესში“, – აღნიშნა დეკანოზმა.

რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ დღეს დილას აქტივისტებს პოლიციელების მიერ აღმართული რკინის  ღობე დახვდათ - ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაოებისთვის ხელი შეეშალათ.

გასულ ღამეს კი რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

ყველა ახალი ამბავი
0