ვის ჩაუტარდება ვაქცინაცია ბინაზე: გამყრელიძის განმარტება

© photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე
პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოში იმ პირებს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბინაზე ჩაუტარდეთ, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში. 

 Sinovac–ის ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
რამდენად ეფექტურია ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველომ მიიღო? – ეპიდემიოლოგის განმარტება

გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭო მუშაობს ისეთი სერვისის დანერგვაზე, რომელიც აღნიშნული კატეგორიის პირთა სახლის პირობებში ვაქცინაციას უზრუნველყოფს.

„ჩემი ვარაუდით, ამ სერვისს ჩვენს მოქალაქეებს მალე შევთავაზებთ. ჩვენთან ძალიან აქტიურად მუშაობებ მოხალისეთა ჯგუფები, წითელი ჯვარი. აღნიშნულ პროცესში ვგეგმავთ სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების ჩართვასაც. ადამიანებს, რომელთაც ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემა აქვთ, ადგილზე უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით. მას 30 მარტიდან Pfizer-ის პრეპარატი დაემატა. 15 მარტიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20.622 ადამიანს ჩაუტარდა. საქართველომ ასევე უკვე მიიღო ჩინური წარმოების ვაქცინის 100 ათასი დოზა, მაგრამ როდის დაიწყება მისი გამოყენება, ჯერჯერობით უცნობია.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს  მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

ყველა ახალი ამბავი
0