ვაქცინაცია ჩინური პრეპარატით უნგრეთში

საქართველოში უახლოეს დღეებში ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია დაიწყება

60
(განახლებულია 22:18 09.04.2021)
ჩინურ ვაქცინას ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ამ პრეპარატს უკვე იყენებს ვაქცინაციისთვის.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება, განუცხადა „პირველ არხს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას ჯანმოს ავტორიზება ჯერ არ მიუღია, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მსჯელობს უკვე მანამდე მისი გამოყენების დაწყების შესახებ. ცნობილია, რომ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა აღიარებულია 40-მდე ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ.

„აპრილის მეორე ნახევრიდან, დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გამოყენება და ძირითადად აქცენტი სხვა ასაკებზე და ჯგუფებზე გადავა. არის მოსაზრება, დაველოდოთ ჯანმოს რეკომენდაციას, არის მოსაზრება, რომ ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ, ყოველ შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე დაწყებული აქვს მომზადება Sinopharm-ზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მომავალი კვირიდან შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ იმ კლინიკებს, სადაც Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყება. რადგან ჩინური ვაქცინა ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება (+2–+8 გრადუსი) და ერთდოზიან ფლაკონებშია დაფასოებული, კლინიკებში „დიდი გადამზადება საჭირო არ არის“.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პარალელურად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინების მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც. კერძოდ, პირდაპირი მოლაპარაკებები ხორციელდება კომპანია Pfaizer-თან, რომელსაც ქვეყანამ დაახლოებით 1 მლნ დოზა შეუკვეთა. ასევე მოლაპარაკება მიდის ინდოეთის „სერუმინის“ ინსტიტუტთან, რომელიც ლიცენზიით ამზადებს ამერიკულ ვაქცინა Novavax-ს. გამყრელიძის თქმით, საქართველომ ამ კომპანიასაც 1 მილიონი დოზა შეუკვეთა.

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში უკვე გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 15.693 ადამიანს ჩაუტარდა (ბოლო 24 საათში აიცრა 1.486 ადამიანი).

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. მაგრამ ვაქცინაციის ტემპები დაბალია.

60
მიხეილ ცაგარელი

„ძალიან ვცემდი, რეანიმაციაში წაიყვანეს, ძლივს გადაარჩინეს...“ - მიხეილ ცაგარელი პირადზე

66
(განახლებულია 15:37 17.04.2021)
მიხეილ ცაგარელმა საკუთარი ცხოვრების უცნობ დეტალებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნახეთ რა შეემთხვა ცნობილ ასტროლოგს

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იხსენებს, რომ ბავშვობაში მოჩხუბარი ბავშვი იყო. როგორც ცაგარელმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ გაიხსენა, თუ ვინმე გააბრაზებდა, წყობიდან ძალიან გამოდიოდა.

„ზოგადად კურო ყველაზე მშვიდი ნიშანია, თუმცა თუ წონასწორობიდან გამოვიდა მტრისას. იქ კონტროლი უკვე აღარ აქვს, არც ვერძი, არც მორიელი, ვერავინ ვეღარ დაუდგება წინ. ეს მომენტი მეც მქონდა ადრე, თუმცა მაშინ არ ვიცოდი ასტროლოგია. ვვარჯიშობდი ყოველთვის, ვიყავი წყალბურთებული, მოცურავე. მქონდა სამი ასეთი შემთხვევა სკოლაში – ბავშვებს ჩხუბის შედეგად ვახრჩობდი ფაქტობრივად. ძალიან ვცემდი, იმ დონემდე მიმყავდა რომ რეანიმამაციაში წაიყვანეს სამივე და ძლივს გადაარჩინეს. ჩემი ბრალი არ იყო, იმათი პროვოცირებული იყო. ეს იყო მეექვსე კლასამდე. მეექვსე კლასის მერე მე არ მიჩხუბია“,- განაცხადა ცაგარელმა.

66
თემები:
ქართველი სელებრითები
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

47
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

47
გამვლელები პირბადეებით

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 12:22 18.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.437 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 122 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.179 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 136 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

 

0