9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან

9 აპრილი დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის

8514
(განახლებულია 18:44 09.04.2021)
1989 წლის 9 აპრილმა ჩვენს მეხსიერებაში ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდაც დატოვა – ამ დღეს ქართველებმა ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. დღეს 9 აპრილია — ერთი დღე ორი დიდი ისტორიული კონტექსტით: 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო.

დღეს 32 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს.

მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რამდენიმე დღე გრძელდებოდა. მთავრობის სასახლის წინ ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მომიტინგეთა მოთხოვნები საბჭოთა ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას მომიტინგეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა და მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქაშუეთის ტაძრის ეზოში გადასვლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო — „არა, ღმერთს შევფიცეთ, რომ აქ უნდა ვიდგეთ“, — ისმოდა პასუხად.

9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. იმ ღამით მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი — ორსული. მოკლულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა დაჭრილებიც იყვნენ, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა.

„კიბეებზე, ქვაფენილზე, ქუჩებში, ბუჩქებზე, ყველგან და ყველაფერზე, რასაც მზერა სწვდებოდა, მიმოფანტულიყო ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელები, ქუდები, ქაღალდის ნაკუწები, ერთმანეთში არეული ხელჩანთები, ხელჩანთებიდან წამოყრილი სავარცხლები, პატარა სარკეები, ცხვირსახოცები; თავსაფრები, გაზეთების ნაფლეთები, დანაკუწებული ქურთუკები, პარფიუმერიის ნამსხვრევები, ნაირგვანი ფერის ქსოვილის ნახევები, ბიჟუტერია. ასფალტზე ჯერ კიდევ ჩანდა ჯავშნიანი მანქანების მუხლუხების კვალი, ქვაფენილზე კი შემზარავად მბზინავი სისხლის ლაქები”, – იხსენებდნენ 9 აპრილის დილას თვითმხილველები.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენამ შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს მასშტაბით საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” რეფერენდუმში საქართველოს ამომრჩეველთა 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა დამოუკიდებლობა აირჩია.

1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის წინ საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

32-ე წელია ამ დღეს, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე მიდის მოსახლეობა, მიაქვთ ყვავილები, დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და სანთლებს უნთებენ მათ სულებს.

„ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა — გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!" — ზვიად გამსახურდია, 1991 წლის 9 აპრილი.

8514
ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

65
(განახლებულია 11:24 19.04.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

თბილისი, 19 აპრილი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 578 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 321 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 80, აჭარა - 57, იმერეთი - 35, კახეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, გურია - 16, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 659 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 281 574-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.949-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.387 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია  3.174 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.720, აჭარაში - 413, იმერეთში - 377.

563 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89  პირი, მათგან  თბილისში – 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  437 ადამიანი, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6.776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16.260 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.577 პირი, აჭარაში - 2.098, იმერეთში - 1.189.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.936-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

65
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
საბაგირო

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი დღეიდან ამოქმედდა

37
(განახლებულია 10:29 19.04.2021)
საბაგიროს მეშვეობით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებამდე გადაადგილებას დაახლოებით 4 წუთი დასჭირდება.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოქალაქეებს დღეიდან მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება.

ახალი საბაგირო ხაზი ყოველდღე 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს. გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი, საბაგირო ხაზით მგზავრობა კი სტუდენტებისთვის უფასო იქნება.

მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოები სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსმა" 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დაასრულა, თუმცა საბაგირო დღემდე არ ამოქმედებულა.

სამუშაოების ფარგლებში ძველი გონდოლები აღადგინეს, ახალი ბაგირები დააყენეს, გონდოლები და სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

„მაღლივი-ბაგების“ საბაგირო 20 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.



37
თემები:
თბილისის მერია