ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად

72
(განახლებულია 23:02 08.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ინფიცირების შემთხვევების მატება, რაც ბოლო დღეებში ფიქსირდება, თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. 

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 286.406-ს მიაღწია.

„პირველ ყოვლისა, მინდა შევეხო ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას, რომელიც, სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში უარესდება. ინფიცირების შემთხვევების მატება თითოეული ჩვენგანისგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა მოსახლეობას კოვიდ–რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ, მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომლებზეც ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს, ჩვენი სიცოცხლის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, დასძინა პრემიერმა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას, ამისთვის კი ერთადერთი საშუალება რეგულაციების დაცვაა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში ბოლო კვირებში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ცხელ ეპიდწერტილებად რჩება თბილისი, სამეგრელო–ზემო სვანეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონები. სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

72
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

1
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

1
დისტანციური სწავლება

ფოთში სასწავლო პროცესი შეწყდა: სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

15
(განახლებულია 14:14 14.04.2021)
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.085 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 120 სამეგრელო–ზემო სვანეთში  დაფიქსირდა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში  გაზრდილი ინფიცირების შემთხვევის გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება პირველი არხი.

ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები და სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

15
თემები:
განათლება საქართველოში