პარლამენტის სხდომა

COVID-19 „ქართული ოცნების“ კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა

52
(განახლებულია 20:33 08.04.2021)
ქართველი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში უკვე 10 კლასტერია ჩამოყალიბებული. გახდება თუ არა დეპუტატების კლასტერი მე-11, ამას ტესტირების შედეგები აჩვენებს

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. კორონავირუსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” კიდევ ორ დეპუტატს - ირაკლი ზარქუას და ირაკლი მეძმარიაშვილს დაუდასტურდა, რამდენიმე დეპუტატი კი ტესტირების პასუხს ელოდება.

გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა უმრავლესობის  წევრებს - მამუკა მდინარაძეს,  ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილის. თუმცა, ამის მიუხედავად, კანონმდებლები თვითიზოლაციაში გადასვლას არ გეგმავენ.

დეპუტატების ინფიცირებასთან დაკავშირებით დღეს საკანონმდებლო ორგანოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მათი ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. არ არის გამორიცხული, პარლამენტში ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს.

საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 761 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცხელ ეპიდწერტილებად რჩება თბილისი, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, აჭარა, იმერეთი. სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწევს შემზღუდავ ღონისძიებებს მიმართოს.

პრემიერ ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 286 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 276 ათასზე მეტი პაციენტი, 3.849 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

52
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (514)
დისტანციური სწავლება

ფოთში სასწავლო პროცესი შეწყდა: სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

12
(განახლებულია 14:14 14.04.2021)
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.085 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 120 სამეგრელო–ზემო სვანეთში  დაფიქსირდა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში  გაზრდილი ინფიცირების შემთხვევის გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება პირველი არხი.

ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები და სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

12
თემები:
განათლება საქართველოში
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

15
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

15